ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი

29.02.2020 • 2696
„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას, რომელიც ბათუმში ახალ საავადმყოფოს აშენებდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ „არამართლზომიერი გადაწყვეტილებით“, 42 ათასზე მეტი ლარი პირგასამტეხლო არ გადაახდევინეს.

აუდიტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზიანო იყო სახელმწიფო საწარმოსთვის და ამ ქმედებაში მშენებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას ხედავს, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ დაასრულა.

აუდიტი მოუწოდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეისწავლოს საკითხი და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

შპს „სტადიონსა“ და მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, ქალაქ ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ შეიცვალა.

„საბოლოოდ, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 24 384 751 ლარით, ხოლო დასრულების ვადად განისაზღვრა 31 დეკემბერი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სამუშაოები 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც დაუსრულებელია. შპს „სტადიონის“ მიერ მიმწოდებელზე დაკისრებულია პირგასამტეხლო − 81 714 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით, შეცვლილია სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, შეუსრულებელ სამუშაოებზე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,01% დაკისრების ნაცვლად, ერთჯერადად განისაზღვრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,02%, რითაც შპს „სტადიონმა“ დაკარგა არანაკლებ 42 071 ლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-18 წლებს ეხება.

აუდიტის დასკვნით, „შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო შემდეგში მისი არსებითად შემცირება კი, ზღუდავს მიმწოდებლის მოტივაციას, გათვალისწინებულ დროში შეასრულოს აღებული ვალდებულება“.

„აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ მოქმედებდნენ შპს „სტადიონის“ ინტერესების გათვალისწინებით და შესაძლოა, მიმწოდებლის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანიის საზიანოდ, მიღებული იყო არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“ – აცხადებს აუდიტი.

[highlight color=”red”]აუდიტის რეკომენდაცია:[/highlight] „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილოს ქალაქ ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეუსრულებლობის და პირგასამტეხლოს დაუკისრებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

ახალ საავადმყოფოს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებდა, რომელთანაც ხელშეკრულება 22 172 764 ლარზე, 2016 წლის იანვარში გაფორმდა.

„სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ჩაბარების პროცედურები“, – გვითხრეს 2020 წლის 3 თებერვალს შპს „სტადიონში“.

სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა.

ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა.

ამ თემაზე:

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: