მთავარი,სიახლეები

მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენისთვის პირს უნდა აპატიმრებდნენ? – საკონსტიტუციო დავა

21.02.2020 • 1396
მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენისთვის პირს უნდა აპატიმრებდნენ? – საკონსტიტუციო დავა

უნდა ისჯებოდეს თუ არა მცირე ოდენობით მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა თავისუფლების აღკვეთით – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 21 თებერვალს, დაიწყო. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, განიხილება თუ არა ირაკლი ჩხეიძის სარჩელი არსებითად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.

მოსარჩელე ირაკლი ჩხეიძეა. მას 2017 წელს 0,000305  გრამ მდმა-ის შეძენა-შენახვისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მოსარჩელე მთავარ აქცენტს მარიხუანაზე აკეთებს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს – მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი აღარ არის.

„საქართველოს კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, ან მისი მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამის მაგალითია მარიხუანა, რომლის 5 გრამამდე შეძენა/შენახვისთვისაც პირს არ ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პირს პასუხისმგებლობა ასევე არ ეკისრება ზოგიერთი სახის ნარკოტიკული საშუალების კანონით განსაზღვრული წესით მცირე ოდენობით მოხმარებისთვის. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარი მოწესრიგება ემყარება იმ ლოგიკას, რომ პირველ ჯერზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ან მისი იმ ოდენობით შეძენა/შენახვა, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე, არ წარმოადგენს იმ საშიშროების მატარებელ ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელე სადავოდ ხდის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობას ნარკოტიკული საშუალებების – მდმა-ის და მეტამფეტამინის იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რომელიც აშკარად განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის.

მოსარჩელე უთითებს, რომ ასეთი მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის პირის დასჯა, ისევე როგორც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ემსახურება მხოლოდ დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც ადამიანს აქცევს მიზნის მისაღწევ საშუალებად.

„სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას – იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოახდინოს კონკრეტული ქმედების დასჯადობა, თუნდაც ეს ქმედება მიიჩნეოდეს ასოციალურად, ის არანაირ უშუალო ზიანს არ უქმნის სხვა პირებს. ზოგადი პრევენციის მიზნით. კონკრეტული პიროვნების ინსტრუმენტალიზება ზოგადი აბსტრაქტული მიზნის მისაღწევად, ისე, რომ ამ პირის წინარე ქმედება არ ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ თუ კრიმინოგენულ საფრთხეს, პირდაპირ შემხებლობაშია პირის ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან,“ – მიიჩნევს ირაკლი ჩხეიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: