მთავარი,სიახლეები

მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე

17.02.2020 • 1662
მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე

„ხელის დარტყმის მაგვარი იყო… შეიძლება ჩათვალოთ ისეც და ასეც,“ – უპასუხა პროკურორს ბათუმის ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დღეს, 17 თებერვალს, ჩვენება მისცა „პატიმრების წამების საქმეზე”. ეს საქმე მეექვსე წელია განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მოწმის თქმით, ის 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის ციხეში, 2009 წელს ბრალდებულები ბათუმის ციხეში პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ის ხდებოდა, რაც “დარღვევების აღმოფხვრას” სჭირდებოდა. ამ პერიოდზე ყოფილი პატიმრები წამების ისტორიებს იხსენებენ და მათ ჩვენებებიც მისცეს სასამართლოს.

მოწმეს ანუ ციხის მოქმედ თანამშრომელს პროკურორმა რამაზ შავაძემ გამოძიებისთვის წლების წინ მიცემული ჩვენება გაახსენა:

„თქვენ მაშინ ამბობდით, რომ ჯიქია პირადად იწყებდა ცემას და სხვებიც მას აჰყვებოდნენ…” – დაიწყო პროკურორმა ციტატის წაკითხვა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა – მოწმე იმ სამართლებრივი ნორმის მიხედვით იყო დაკითხული, როცა ჩვენების გასაჯაროვების უფლება დღეს აღარ არსებობს.

„თქვენ სწორი ჩვენება მიეცით?“ – მიმართა მოწმეს პროკურორმა.

„კი, ვცადე,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ.

„წაიკითხეთ ის ჩვენება, რაც მაშინ გამოძიებას მიეცით?”- იკითხა ისევ პროკურორმა.

„წავიკითხესავით, ჩათვალეთ, წავიკითხე,”- თქვა მოწმემ და დარბაზს გახედა.

ბათუმის ციხის ყოფილ უფროსს, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას გამოძიება დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. სასამართლო სხდომებზე ყოფილი პატიმრები მათი წამების ისტორიებს ჰყვებიან. სხდომები რამდენიმე თვის ინტერვალით ტარდება.

„ერთი ფაქტი მახსენდება…“- მძიმედ და ხანგრძლივი პაუზებით დაიწყო 2009 წელს ციხეში მომხდარი ამბების გახსენება მოწმე დავით დუმბაძემ. იგი ახლაც ბათუმის ციხის ინსპექტორ-კონტროლიორია. მოწმის თქმით, ერთ-ერთ მსჯავრდებულს ბრალდებულმა ზაზა ჯიქიამ სცემა, რომელიც იმ დროს ციხის რეჟიმის უფროსი იყო.

„…გააჩნდა მსჯავრდებულის ქცევას, ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონოდა. ის პატიმარი იძახდა, როცა აქედან გავალ, დაზარალებულის შვილებს ასე და ასე ვუზამო,”- აღნიშნა მოწმემ.

პატიმრების წამების საქმე – სხდომა სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

„რა სახით მოხდა ეს ცემა, სად დაარტყა?“  – ჩაეკითხა ციხის თანამშრომელს პროკურორი.

„აღარ მახსოვს, 10 წელია უკვე გასული..“- თქვა მოწმემ. მან რამდენჯერმე დაიწყო ამბის თხრობა და შეწყვიტა.

„ვინმე ხომ არ გაშინებთ?“ – მიმართა მოწმეს მოსამართლემ. მოწმემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და დასძინა:

„ბევრი პატიმარი გვყავდა ძალიან… 200 კაცზეა გათვლილი და გვყავდა 1000, 1200 პატიმარი. 20-კაციან საკანში ზოგჯერ 80 და 100 კაცი იყო… წესრიგი იყო, მაგრამ ეს წესრიგი, მე ვფიქრობ, ძირითადად გამოწვეული იყო შიშით,“ – თქვა მოწმე დავით დუმბაძემ.

„შემთხვევით თქვენც ხომ არ მონაწილეობდით ამ ცემაში და შემდეგ ჩვენების მიცემის დროს აღწერეთ?“ – იკითხა ადვოკატმა.

„არა, ეს წამორტყმასავით იყო უფრო…“ – ჩაილაპარაკა ციხის თანამშრომელმა.

ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ მოწმე 2012 წელს გაათავისუფლეს ბათუმის ციხიდან და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა სამსახურში.

მოწმეს ე.წ. მაყურებლების გახსენებაც სთხოვა დაცვის მხარემ. ციხის თანამშრომელმა თქვა, რომ ქურდული სამყაროს გავლენა იყო, ვიდრე ბრალდებული გიორგი ვეკუა გახდებოდა დირექტორი.

„ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა ამ ძალადობას, თუ მრავალჯერადი?“- ესეც ჰკითხეს მოწმეს. ციხის თანამშრომელმა თქვა, რომ ის ცემას ერთხელ შეესწრო, თუმცა მსჯავრდებულების თქმით, ცემას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

„შეგიძლიათ რომელიმე ამ მსჯავრდებულის დასახელება?“- მიმართეს ადვოკატებმა მოწმეს.

“არა”- მოკლედ თქვა მოწმემ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: