ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

06.02.2020 • 3602
რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში.

ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 718 ლარი. რაც შეეხება პროექტს, მასში ბათუმის მერიას შპს „აჭარსპეცპროექტისთვის“ 60 ათასი ლარი აქვს გადახდილი. ცვლილების შეტანას კი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს ინფორმაციით, დამატებით 10 ათასი ლარი დასჭირდება.

„სამმართველოს მიერ გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის მოთხოვნა და განხორციელდა საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობის ადგილმონაცვლეობა, რამაც გამოიწვია მშენებლობის პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. „აჭარსპეცპროექტის“ სპეციალისტები გამოთქვამენ თანხმობას მათ მიერ შედგენილი პროექტის კორექტირება-რედაქტირებაზე, ვინაიდან ეს მათი ექსკლუზიური უფლებაა, მხოლოდ მათ შეუძლიათ შეცვალონ პროექტი. შესატანი ცვლილებები იწვევს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილებას. ცვლილებები შეეხება გეოლოგიურ, ტოპოგრაფიულ, არქიტექტურულ, ელექტრომომარაგების ქსელებს. ასევე, ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას“, – აღნიშნულია სამმართველოს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განცხადებაში.

სამმართველო ითხოვს შესყიდვების სააგენტოს თანხმობას, 10 ათასი ლარის ფარგლებში, ხელშეკრულება ექსკლუზიურად გააფორმოს „აჭარსპეცპროექტთან“, ბაღის შენობის საპროექტო დოკუმენტებში ცვლილებების შესატანად.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კეთილმოწყობის სამმართველოს“, სადაც გვითხრეს, რომ მისამართი არ შეიცვლება და ბაღის მშენებლობა იმავე ადგილზე გაგრძელდება.

„უბრალოდ, მოსახლეობის თხოვნა გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ გავზარდოთ მანძილი ბაღის მშენებარე შენობასა და საცხოვრებელ კორპუსს შორის. კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა შესრულდეს საამისოდ, ეს პროექტში ცვლილების შემდეგ დაზუსტდება. რაც შეეხება მშენებლობისთვის საჭირო თანხას, დარჩება უცვლელი“. – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.

სამმართველოს დეტალების დაზუსტება მოსთხოვა შესყიდვების სააგენტომაც.

„გთხოვთ, დააზუსტოთ, რა სახის ცვლილებები შედის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, დააზუსტეთ რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ასევე, გთხოვთ, წარმოადგინოთ გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა“, – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოდან მერიის სამმართველოში გაგზავნილ წერილში.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ ბათუმში / ფოტო ინსპექტირების ანგარიშიდან

შენიშვნა: სტატია გამოქვეყნებული იყო სათაურით „რატომ შეჩერდა ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა“. ინფორმაცია სამუშაოების შეჩერების შესახებ სამმართველომ მოგვაწოდა, თუმცა მოგვიანებით დაგვიკავშირდნენ მშენებელი კომპანიიდან, და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პროექტში შესატანი ცვლილებები ძირითადად ეხება ღობეს, რაც სამუშაოების მიმდინარეობას ხელს არ უშლის. „სამშენებლო სამუშაოები ადრე, გასული წლის შემოდგომაზე იყო შეჩერებული დაახლოებით 40 დღით“ – გვითხრეს კომპანიაში. 

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2019 წლის 14 მაისს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2019 წლის მარტში გამოაცხადა:

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: