მთავარი,სიახლეები

ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს

27.01.2020 • 1058
ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს. დებატებისთვის საეთერო დროის გამოყოფას კი ენმ-ს წევრი,  გიორგი კირთაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სთხოვს.

დებატებში გამოწვევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ გაავრცელა.

„უტიფარ ტყუილებში აჭარის მთავრობამ თავის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც კი გადაასწრო. სასაცილოა მთავრობის წევრების დაჟინებული განცხადებები აჭარაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციიის მოზიდვასთან დაკავშირებით. თუ მათ დავუჯერებთ, სამჯერ უფრო მეტი ინვესტიცია მოუტანიათ 2019 წელს, ვიდრე 2004-2012 წლებში განხორციელდა აჭარაში ჩვენი მმართველობის დროს. ეს რეალურად უნდა ნიშნავდეს ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, მაგრამ რეალობა სხვა გვაქვს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცხოვრობს ბათუმში და აჭარაში მოსახლეობა.  რეალური სამუშაო  ადგილები არათუ შექმნეს, არამედ დიდი გულმოდგინებით გააუქმა აჭარის მთავრობამ ჩვენს მხარეში,“ –  განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე.

გიორგი კირთაძის თქმით, აჭარის მთავრობამ გააჩერა მნიშვნელოვანი პროექტი – გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარება, რასაც რეალურად შეეძლო სამუშაო ადგილების გაჩენა.

„გონიოს პოლიგონის განვითარება მართლა მოიტანდა ათეულობით სამუშაო ადგილს. ამის განხორციელებისთვის საჭირო იყო ხიდის აშენება, რომლის პროექტიც და ფულიც დავტოვეთ და იქ კომუნიკაციების მოწყობა. მათ პირველივე, რაც გააკეთეს, გონიოს ხიდის მშენებლობისათვის განკუთვნილი ფული ბიუჯეტიდან ამოიღეს,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურს. ამ ეტაპზე უცნობია დათანხმდება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დებატებს.

გადაბეჭდვის წესი