კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

არა „ ბათუმი რივიერას“ პროექტს – „ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში აქციას გამართავენ

25.01.2020 • 9443
არა „ ბათუმი რივიერას“ პროექტს – „ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში აქციას გამართავენ

„ახალგაზრდა მწვანეები“ ხვალ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დღის 3:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება, შემდეგ კი უშუალოდ რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიშო ჯიბლაძის ინფორმაციით აქციას ორგანიზაცია „ბათომიც“ შეუერთდება.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ცოტა ხნის წინ გასცა.

16 იანვარს ბათუმში განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა თქმითაც, ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: