მთავარი,სიახლეები

რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება? – დეზინფორმაციის და კონსპირაციების კვლევა

14.01.2020 • 2759
რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება? – დეზინფორმაციის და კონსპირაციების კვლევა

მედიის განვითარების ფონდი [ MDF] აქვეყნებს „ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევას“. როგორც ავტორი წერს, ერთ-ერთი საკვლევი თემა იყო, „რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება“.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის სულ 139 პირი გამოიკითხა 8 ქალაქში, დაბასა და დასახლებაში, მათ შორის ხულოსა და ბათუმში. კვლევა ასევე ჩატარდა ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ყვარელში, გორსა და წეროვანში.

ყარსის ხელშეკრულებას ძალიან ხშირად იყენებენ კონსპირაციებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ხელშეკრულებას „ვადა 2021 წელს გადის, რის შემდეგაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი აღარ იქნება და აჭარას თურქეთი დაიბრუნებს“.

რა იციან  ადამიანებმა ყარსის ხელშეკრულების შესახებ კვლევის მიხედვით?

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ – 96-მა პირმა განაცხადა, რომ არაფერი სმენია ამის შესახებ. 15 რესპონდენტი კი ზუსტად იყო ინფორმირებული.

„მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შედეგადაც საქართველო აჭარას დაკარგავს, გამოკითხულთაგან 28 ადამიანი (19,4%) იყო. ეს კონსპირაცია სარწმუნო როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლისთვის, ასევე ისტორიკოსისთვის აღმოჩნდა“, – წერს MDF-ის მკვლევარი.

მაგალითად, საჯარო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხულოში, 32 წლის კაცმა, მკვლევარს უთხრა: „გაუვა ვადა ახლა 2020-ში და ვნახოთ, რა იქნება”.

იგივე უთხრა მკვლევარს თელაველმა ისტორიკოსმა, 64 წლის კაცმა: „მსმენია, ვადა ახლოვდება და მაგის გამო ვახსენე თურქეთი და შეშფოთებული ვარ”.

დიაგრამა – რა გსმენიათ ყარსის ხელშეკრულების შესახებ?

მკვლევარების განმარტებით, „ანეკდოტურ მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის დიდი სხვაობაა. მეცნიერული მტკიცებულება ეფუძნება სისტემატურ დაკვირვებას, გაზომვას, ექსპერიმენტს და მისი გადამოწმება თუ დადასტურება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად შეუძლია. ანეკდოტური მტკიცებულება პერსონალურ გამოცდილებასა და იზოლირებულ მაგალითებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა/ისტორია სიმართლეა ან ტყუილი“.

MDF-ის განმარტებით, მათი მიზანი იყო შეესწავლათ, „რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია გავრცელებული დასავლეთთან მიმართებით საზოგადოებაში“.

რა დანიშნულება აქვს ყალბი ინფორმაციების გავრცელებას? – კვლევაში რესპონდენტებს ესეც ჰკითხეს, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ხულოდან, 25 წლის კაცმა, ასე უპასუხა: „ფეიკნიუსი ხშირ შემთხვევაში ემსახურება იმას, რომ ანტიდასავლური განწყობები საქართველოში იყოს ძლიერი და უფრო მეტად წინა პლანზე იქნას წამოწეული პრორუსული პოლიტიკური ძალები და შოვინისტური დამოკიდებულებები”.

_____

„ბათუმელების“ სტატია ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქვე:

რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: