ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

03.01.2020 • 2426
აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„აჭარაში ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსები. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, თუმცა, აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, სეზონურობის გათვალისწინებით. ჰოსპიტალიზაცია გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 4-დან 7,5 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ძირითდად მატება არის ბავშვებში. რაღაც გართულებული სიტუაცია არ გვაქვს, გართულებული შემთხვევებით რეანიმაციებში არავინ წევს. ამ დრომდე, გასულ წელთან შედარებით, მშვიდი ვითარებაა“ – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

სეზონური გრიპის მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე), მედიკამენტს ტამიფლუს [იგივე „ოსელტამივირი”] უფასოდ მიიღებენ.

ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათთვის ტამიფლუს მისაღებად ამ დრომდე [3 იანვარი] არავის მიუმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: