ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

29.12.2019 • 3869
ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა და რომელიც 2018 წელს ეხება.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ხელვაჩაურში მოქმედებდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 7 ა(ა)იპ და ერთი − შპს. აუდიტის ჯგუფის მიერ იურიდიული პირების შესრულებული სამუშაოების და გაწეული ხარჯების შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები:

„შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მიერ, გაწეული სამუშაოების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ირკვევა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათში მითითებულია მხოლოდ სამუშაოთა წარმოების ადგილი/ობიექტი და გახარჯული მასალის ჩამონათვალი. დადგენილია, რომ 2018 წელს შესრულებულია 39 844 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები იმ პროექტებზე, რომლებიც მერიის მიერ შესყიდული იყო სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით და მათზე ვრცელდებოდა საგარანტიო ვადა [შესაბამისად „წყალკანალს“ არ ჰქონდა სამუშაოთა წარმოების უფლება].

შპს „ხელვაჩაურის წყალკანალისა“ და მერიის არაკოორდინირებული მუშაობის შედეგად, არ ხდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პირობების გამოყენება, რაც წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს.

ა(ა)იპ − „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ მიერ გაწეული სამუშაოების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შეუსაბამოდ დახარჯულ იქნა 20 576 ლარი, კერძოდ:

საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოებისათვის დაიხარჯა 12 676 ლარი; ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მოხატვისთვის დაიხარჯა 4 900 ლარი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის რუკის მომზადებისათვის დაიხარჯა 3 000 ლარი – აუდიტის ჯგუფის მიერ შემოწმებულ იქნა საბავშვო ბაღებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით.

აუდიტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებული არიან როგორც შტატით გათვალისწინებულ, ასევე შტატგარეშე თანამდებობებზე. ორგანიზაციების ნაწილში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შტატგარეშე) რაოდენობა ბევრად აღემატება შტატით დასაქმებულ პირთა რაოდენობას.

მაგალითად, 2018 წელს შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ შტატით – 17,  შტატგარეშედ კი 84 თანამშრომელი იყო დასაქმებული; ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში“: შტატით – 25, შტატგარეშედ – 41, ხოლო ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებში“ შტატით – 9, შტატგარეშედ კი 39 თანამშრომელი ჰყავდათ.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, შტატგარეშე დასაქმებულ პირებთან არსებული ხელშეკრულებებით არ იყო განსაზღვრული დასაქმებულ პირთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები და შესასრულებელი სამუშაოები, ხელშეკრულებები ფორმალური და ზოგადი ხასიათისაა.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: