ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.
შს მინისტრმა ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძესაც შეხვდა. მინისტრმა მას შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა.
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები – ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.
აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა მოქალაქეების დახმარებით დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად ოთარ თავართქილაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.