მთავარი,სიახლეები

მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

16.12.2019 • 3558
მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები:

„მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“.

14 დეკემბრის შემდეგ ბევრი ყალბი პროფილი ჩაერთო ექიმის წინააღმდეგ კამპანიაში და დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ექიმი გაფრინდაშვილი ან პროვოკატორია, ან აგენტი.

„მარიტა მელაძე“ სავარაუდოდ ყალბი ფეისბუქპროფილია. ამ პროფილზე „მარიტა მელაძეს“ მხოლოდ ერთი ადამიანის ფოტოები უდევს, რომელიც უკრაინელ ფოტომოდელ მარია მელნიკოვას ეკუთვნის. Nino Ninka Giorgadze კი, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის პოსტებს აზიარებს, წერს, რომ ცხოვრობს აშშ-ში. ის 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ზეიმის ფოტოებს აზიარებს და წერს „ყველა დროის რეკორდი მოხსნილია. ხალხი ირჩევს სიმშვიდეს! IRI და NDI მხარდამჭერები არ ყავსო ხო ოცნებას“.

არაერთი საეჭვო პროფილით ასევე წერენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში გადასვლის წინ ჩაურიცხეს 21 ათასი დოლარი.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ცხინვალის KGB-მ გაავრცელა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც  ამტკიცებენ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და “კანონდარღვევა” წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ცხინვალის KGB-ს განცხადებით, “საზღვრის დარღვევამდე” ექიმი ესტონეთში იმყოფებოდა ვიზით, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხა.

ზუსტად ეს პოსტი, რომელსაც უკვე ბევრი ფეისბუქპროფილით აზიარებენ, დღეს თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ შემდეგი წარწერით: „ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ-ნელა“.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უწოდა „იდიოტები“ და „პროვოკატორები“, აგინა და მათი ქცევა შეაფასა, როგორც „სახელმწიფოსთან დაპირისპირებული“.

ერეკლე კუხიანიძის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ამის მიუხედავად საკრებულოს წევრი არ გაჩერებულა – მან 15 დეკემბერს დაწერა, რომ [გაფრინდაშვილების შეურაცხმყოფელი] პოსტის  შემდეგ მის მიმართ „ზღვარგადასული სიბინძურე წავიდა“ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს“.

ერთ-ერთი ვრცელი პოსტი, რომელიც 14 დეკემბრის შემდეგ ექიმის ლანძღვას მიუძღვნეს და „ამხილეს აგენტობაში“, გივი მდივნიშვილს ეკუთვნოდა. პროფილზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, იგი რუსეთში ცხოვრობს და პოსტებში თუ ვიდეომიმართვებში იმაზე საუბრობს, რა ზიანს აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილი „რუსეთსა და ოსეთთან მეგობრობის აღდგენას“.

პოსტი, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას ეწევიან

ეს პოსტი და ვიდეომიმართვა, რომლებსაც ასობით კომენტარი ახლდა, ავტორმა დღეს, 16 დეკემბერს, წაშალა.

ყველა პროფილი, რომლითაც ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციულ პოსტებს წერენ ან აზიარებენ, ძირითადად, დასავლეთის კრიტიკას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ქილიკს და რუსეთის ქებას ემსახურება.

ამ კუთხით გამოირჩევა ვინმე „როსტომ ჯუღელიც“, რომელიც წერს, რომ რუსეთში ცხოვრობს.  ის საეჭვოდ მიიჩნევს ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევას, მაგრამ აზიარებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებულ პოზიტიურ პოსტებს, ასევე „ქართული მარშის“ ვიდეოებსა და ფოტოებს. დღეს „როსტომ ჯუღელმა“ თავის „3200-მდე მეგობარს“ მოუწოდა გამართონ დისკუსია: „რა სასჯელს იხდის იგორ გიორგაძე და რატომ არის იგი დევნილი სამშობლოდან, 24 წელიწადი?“

larisa Gvalia-ს კი ვაჟა გაფრინდაშვილზე დისკუსიის დროს ის თემა შემოაქვს, რაზე საუბარსაც ღიად პრორუსული ჯგუფებიც კი ერიდებიან – „ჩაკეტილ საზღვარზე შესული კანონით ისჯება“.

კამპანიაში ჩართულია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეც. ის არაერთი თანამოაზრის მსგავსად წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ „ბუმაჟკას“ თუ მოაწერს ხელს, ცხინვალიდან „წამოვა“.

გულბაათ რცხილაძე ვაჟა გაფრინდაშვილი პროფესიონალიზმსაც ეხება და წერს, რომ ის, როგორც ექიმი – არაეთიკურია.

ქართული მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს იმიტომაც მიუსაჯეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და დატოვეს ცხინვალის ციხეში, რომ მან საოკუპაციო ზოლიდან სხვა გატაცებულების მსგავსად არ აღიარა რუსეთის მიერ გავლებული მავრთულხლართები, როგორც სახელმწიფო საზღვარი. გულბაათ რცხილაძე და სხვებიც ამ შინაარსის „ბუმაჟკაზე“ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის აქილიკებენ ექიმს.

„ბუმაჟკის“ თემის ერთგვარი დასტურია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია: „გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანონიერი უფლების განხორციელებად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს – ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი წერია: „ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ასევე ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“.

_____

9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: