მთავარი,სიახლეები

„კორუფციის ფასი“ – ფილმი ბათუმის ჩაბეტონებაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ვიდეო]

14.12.2019 • 2773
„კორუფციის ფასი“ – ფილმი ბათუმის ჩაბეტონებაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ვიდეო]

მუსიკის რიტმი ჩქარდება, იზრდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც, დაბალი სახლები უფრო ჩქარა ქრება და ბეტონის მაღლივი, ნაცრისფერი კედლები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. დროდადრო ამ კედლებიდან ჩამოვარდნილი ადამიანების საზარელი, განწირული ყვირილის ხმა ისმის და სიუჟეტის ფერები უფრო და უფრო მუქდება. მშენებლობის ნებართვის გამცემ პირს, რომელმაც ამ გზით დიდი ფული იშოვა და ავტორი ერთ სახეში აერთიანებს, პოლიცია აკავებს. ბოლოს კადრში დაბინძურებული ზღვა და ნაპირის გასწვრივ გრძელი ბეტონის ნაცრისფერი კედელი ჩნდება, რომელიც ქალაქს ეფარება: ასე სრულდება გიორგი ხომერიკის სამწუთიანი ფილმი – „კორუფციის ფასი“.

გიორგი ხომერიკი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. მისი ფილმი  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“  [TI] და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსის თემა კორუფცია, მიზანი კი კორუფციის ფორმებსა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

„როცა კონკურსის შესახებ გავიგე, ბევრ პრობლემაზე გავიფიქრე, რაც ჩვენს ქალაქშია, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ამაზე გამეკეთებინა“, – გვითხრა გიორგიმ.

გიორგი ამბობს, რომ ჯერ მუსიკა აირჩია: „შემდეგ ამ მუსიკაზე ავაწყვე ყველაფერი.“

გიორგი ძველ ბათუმში ცხოვრობს. გვიყვება, რომ ახლახან მისი სახლის წინ მაღალი შენობა აშენეს, რის შემდეგაც მის სახლში მზე ისე აღარ შედის, როგორც ადრე. როგორც სხვებს, გიორგისაც პრობლემები ექმნება ქალაქში გადაადგილებისას, რადგან გზებზე საცობია, ტროტუარზე კი კაფეა ან ფეხით სავალი ნაწილი ავტომანქანებს აქვთ მიტაცებული.

„ძაღლს ვასეირნებდი ხშირად იქ, სადაც რივიერა ბათუმი მშენებლობას გეგმავს და უკვე შემოღობეს. ეს ადგილიც დავკარგეთ“, – ამბობს გიორგი.

გიორგი მიიჩნევს, რომ ბათუმის მცხოვრებთა უმეტესობა ვერ იაზრებს, თუ რა უჯდება ქალაქს მიმდინარე ინტენსიური მშენებლობები: „როცა აქცია იმართება ბევრი არ გამოდის. ჩემს ფილმში საუბარია იმაზეც, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ და რამდენ ნებართვას გასცემს. უკვე ბევრია გაფუჭებული“.

გიორგი ამბობს, რომ ხშირად „ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ, [თავის გადარჩენის] ერთადერთი ვარიანტია სახლის გაყიდვა. ქალაქში კი სწორი ურბანული პოლიტიკისთვის რეგულაციები არ არსებობს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: