მთავარი,სიახლეები

რა ხდება, როცა პოლიციას ვეღარ ენდობი – მკვლელობა, გაუპატიურება, ძალადობა

13.12.2019 • 2157
რა ხდება, როცა პოლიციას ვეღარ ენდობი – მკვლელობა, გაუპატიურება, ძალადობა

„მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს – 26 წლის კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს“, – ამ ამბის შესახებ ნეტგაზეთმა დღეს დაწერა. ჩვენ დღეს შს სამინისტროს ვკითხეთ, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება პოლიციელებს, ვის შესახებაც 26 წლის კაცმა ისაუბრა. უწყებაში გვითხრეს, რომ თუ გვინდა ამის შესახებ ინფორმაცია გავიგოთ, ოფიციალური წერილი უნდა მივწეროთ.

„მოზარდმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემდეგ სცადა“, – ესეც დღეს, 13 დეკემბერს გავრცელებული ახალი ამბავია. მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით – კომაში მყოფი მოზარდის ძმა

სავარაუდოდ პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ოქტომბრიდან დღემდე სხვა სკანდალური ამბებიც გახდა ცნობილი, მაგალითად, 6 დეკემბერს ჩხოროწყუში პოლიციელი ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. კაცი ყვებოდა, რომ პოლიციელის მოთხოვნას დაემორჩილა და მას მანქანაში ჩაუჯდა, პოლიციელმა კი ის გაიტაცა და გააუპატიურა.

პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მანამდე, 7 ოქტომბერს, გამოძიებამ 35 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე რუსთავში ორი მოქმედი და ერთიც ყოფილი პოლიციელი დააკავა. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილეობდნენ – გამოძიების ვერსიით, პოლიციელებმა დააკავეს კაცი, რომელიც შემდეგ  სხვა პირებს გადასცეს. ეს სხვა პირები, სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ და კაცი მოკლეს.

სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი გატაცებისა და მკვლელობის საქმის დეტალები

ყველა ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, თუმცა რა ეტაპზეა საქმე საზოგადოებამ არაფერი იცის.

არის თუ არა უკვე ეს ტენდენცია, როცა მძიმე და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებში პოლიციელები ფიგურირებენ და ირღვევა თუ არა პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ ნდობა? რა საფრთხეს შეიცავს ეს პროცესი, თუკი პოლიციის მიმართ ნდობა კიდევ უფრო დაიკლებს?

„ეს არის საგანგაშო ფაქტები და კიდევ უფრო საგანგაშო იქნება მომავალში, თუ სათანადო რეაგირება არ მოჰყვება ამას. ამ ფაქტებმა უკვე მოახდინა გავლენა პოლიციის რეპუტაციაზე და პოლიციელების მიმართ ნდობაზე, რომელიც ამ ქვეყანაში ისედაც არ არის მაღალი,“ – მიიჩნევს არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი.

არჩილ ჩოფიკაშვილი გურჯაანის პოლიციას იხსენებს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს – მოქალაქე იაშვილს მარტში სცემეს. იურისტი გვიყვება, რომ ფაქტი ამ დრომდე არ გამოუძიებიათ.

სექტემბერში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი გურჯაანელი კაცი, რომლის მკვლელობასაც არასრულწლოვანს ედავებოდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა. არასრულწლოვანმა თქვა, რომ პოლიციელებმა სასტიკად აწამეს და კაცის მკვლელობა ასე აღიარებინეს.

„წესით ეს ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. არ ვიცი, რატომ ხდება… ასე ხელისუფლების ძალაუფლების მცირდება. არსებობს საქმეები, სადაც აშკარად არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება“, – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

იურისტი გულისხმობს საქმეებს, სადაც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულების ჩადენაზეა საუბარი. არჩილ ჩოფიკაშვილის აზრით, ამ დრომდე ვერაფერი შეცვალა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტმა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებს სწავლობს.

„თავის დროზე, როცა ეს ინსტიტუტი შემოიღეს, იყო კრიტიკა, რომ ინსპექტორი არ უნდა ყოფილიყო პროკურატურის დაქვემდებარებაში… ინსპექტორზე პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას და ის არაა დამოუკიდებელი ორგანო. ყოველი უმოქმედობა არის ძალიან დიდი წამახალისებელი გარემოება, რომ მომავალში წახალისდეს მსგავსი ტიპის დანაშაულები. გურჯაანის შემთხვევაში ჩვენ უკვე მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რადგან სხვა ეფექტური საშუალება სახელმწიფომ რეაგირებისთვის არ დაგვიტოვა,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი საფრთხეებს შორის „ქურდულ სამყაროს“ გააქტიურებასაც ელის.

„თუ ასე გაგრძელდა, ეს წაახალისებს მომავალში არასამართლებრივი მექანიზმების გააქტიურებას, მაგალითად, როცა სადავო საკითხებია, სამართლის მეშვეობით კი აღარ შეეცდებიან ადამიანები მის მოგვარებას, არამედ ალტერნატიული გზებით, მაგალითად, ქურდული სამყაროს გავლენით,“ – დასძენს არჩილ ჩოფიკაშვილი.

არაეფექტური გამოძიების დროს „შემოვლითი გზით“ სასურველი ჩვენების მიღება, შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების შერჩევის დახურული ფორმა, ასევე შსს-ს თანამშრომლების წახალისების და კარიერული წინსვლის მექანიზმები – იურისტი ამ ფაქტორების შეცვლას მიიჩნევს პრობლემიდან გამოსავლის მთავარ ფაქტორებად.

„როცა პოლიციის ავტორიტეტი ეცემა, ეს სახელმწიფოს ავტორიტეტზე აისახება პირდაპირ. შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს ეხება,“ – დასძინა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: