მთავარი,სიახლეები

 ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვა აღარ გამოჩნდება – სანაპიროს ჩაბეტონების პროექტები

12.12.2019 • 1800
 ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვა აღარ გამოჩნდება – სანაპიროს ჩაბეტონების პროექტები

აჭარის მთავრობა ქობულეთში პირობიანი აუქციონის წესით ყიდის მიწის ნაკვეთს, რომელიც პირდაპირ ზღვას უყურებს და ნაწილობრივ გამწვანებულია. აუქციონის მთავარი პირობა ამ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა. აუქციონის პირობების ჩამონათვალშია ისიც, რომ კომპლექსი სასტუმროს არანაკლებ ას ნომერს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანს და არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს უნდა მოიცავდეს.

ამ ყველაფერში კი ინვესტორმა არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასაყიდი ტერიტორიის ფართობი 11 235 კვადრატული მეტრია და მთავრობა ნაკვეთზე სკვერის მოწყობასაც ითხოვს, თუმცა სკვერის სასურველი მასშტაბები წინასწარ განსაზღვრული არ არის.

გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 585 000, ვაჭრობის ბიჯი კი 100 000 ლარია. აუქციონი 2019 წლის 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს. მყიდველმა საპრივატიზებო ფასი წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, სამ ეტაპად უნდა გადაიხადოს.

მშენებლობის პირობით გაასხვისა მთავრობამ ამ ნაკვეთის მომიჯნავე რამდენიმე ნაკვეთიც. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქობულეთი დაკარგავს სანაპირო ზოლს, როგორც თავისუფალ სივრცეს: აქ მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ზღვის ხედი სანაპირო ქუჩიდან – აღმაშენებლიდან აღარ გამოჩნდება, თუ არ ჩავთვლით მაღალსართულიანი სახლების ბოლო სართულებს.

რეესტრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, მთავრობა თავისუფალი სივრცეების ჩაბეტონების პოლიტიკასთან დაკავშირებით ურბანისტების კრიტიკას საერთოდ არ იზიარებს და სანაპირო ზოლში ერთმანეთის მიყოლებით ასხვისებს მიწის ნაკვეთებს მშენებლობის პირობით.

_____

ამავე თემაზე:  116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია

  საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: