მთავარი,სიახლეები

„18 ლარად გვართმევენ მიწას,“ – მარადიდელებმა აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს

11.12.2019 • 1772
„18 ლარად გვართმევენ მიწას,“ – მარადიდელებმა აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს

„რადგან თორნიკე რიჟვაძე არ მოვიდა ჩვენთან და არ უკითხავს რა გჭირთ, რატომ ვერ თანხმდებითო, ამიტომ ჩვენ მოვედით მასთან,“ – ეს მარადიდში მცხოვრებმა ალი დიდმანიძემ გვითხრა. მან თანასოფლელებთან ერთად დღეს, 11 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო.

მარადიდელები ექსპროპრიაციის პირობებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ სახლის ან მიწის ნაკვეთის დათმობა ჰესის მშენებლობის გამო უწევთ. ექსპროპრიაციის შესახებ ბრძანებას ეკონომიკის მინისტრმა 3 დეკემბერს უკვე მოაწერა ხელი. ამ ბრძანების მიხედვით, 34 პირს ჩამოართმევენ საკუთრებას. ექსპროპრიაციის მიზეზი „კირნათი ჰესია“, რომელსაც კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აშენებს.

„ზოგი მიწის ნაკვეთია, ზოგს – სახლის დათმობა უწევს, პირობები სხვადასხვაა, მაგრამ ჩალის ფასად უნდა ჩვენი ქონება… 18 ლარი დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზამ კვადრატული მიწა, მაგრამ ამ ფასად რა უნდა ვიყიდოთ? ვერაფერს მიეკარები. საბაზრო ფასი დაახლოებით 30 დოლარია,“ – გვითხრა გურამ სხალაძემ.

„სამხარაულმა ასე კი შეაფასა ჩვენი მიწები, მაგრამ სამხარაული გვიყიდის მიწებს? ჩვენთან არავინ მოსულა და არ დაგვლაპარაკებია. ინვესტორზე მეტად მოქალაქეებს უნდა სცეს პატივი მთავრობამ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯემალ დიდმანიძე.

საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ისინიც, რომლებსაც ექსპროპრიაცია არ შეხებიათ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ჰესის მშენებლობა მათაც დააზარალებთ.

„მე, მაგალითად, თევზის მეურნეობა დამეტბორა ჰესის მშენებლობის გამო,“ – გვიყვება ახმედ დიასამიძე. – „უნიკალური ჯიშის თევზი გამომყავდა… ხელვაჩაურის კომისიამ დაადგინა, რომ დატბორვა ჰესის მშენებლობის გამო მოხდა, დასკვნა კომპანიაში გადაიგზავნა, მაგრამ არაფერი,“ – ამბობს ის.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და მთელი ხეობა ჩამოვა აჭარის მთავრობასთან მარადიდელების მხარდასაჭერად, თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

 

 

 

 

ამ თემაზე:

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: