ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა

10.12.2019 • 3663
ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა

გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე მოამზადა ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზეც დაიქირავებენ კომპანიას, რომელიც ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს ამ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

„მაქ უნდა გაგრძელდეს ბულვარი, ასევე საავტომობილო გზა და აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის თხოვნაა, მომზადდეს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ამის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რისი გაკეთება შეიძლება მაგ ადგილებში. პრობლემა არის ის, რომ ჭოროხის დელტა არის შესული ე.წ. ზურმუხტის ქსელში, რომელსაც ბერნის კონვენცია იცავს და იქ შეზღუდულია, ამ შემთხვევაში, სამეურნეო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, რა დაიდება კვლევის შედეგად ჯერჯერობით უცნობია – შეიძლება თუ არა ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე, ბულვარის გაგრძელება, დეველოპმენტი, ანუ ყოფილი პოლიგონის განაშენიანება – ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმასთან შეჯერებით, თუ რის საშუალებას იძლევა გარემოსდაცვითი აკრძალვები, რაც ამ ზონაში მოქმედებს აღნიშნული კონვენციით“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ჭოროხის დელტას საერთაშორისო კონვენციები იცავს, მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლობით „ჭოროხის დელტას საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, ხოლო მის შემოგარენს – ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას – რეკრეაციული ზონის. ეს სტატუსები კი ვერ იცავს მათ ხელყოფისაგან – ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მასზე შეიძლება აშენდეს სასტუმროები, ადმინისტრაციული შენობები, გასართობი ცენტრები თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“.

ზურმუხტის ქსელი საქართველოში / წყარო: „ნაკრესი“

[highlight color=”green”]ზურმუხტის ქსელი[/highlight] არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისგან“. ამ ტერიტორიებს აქვთ ეკოლოგიური სტატუსის შენარჩუნების ან აღდგენის პოტენციალი ისეთი სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის, რომლებიც განეკუთვნება საფრთხის წინაშე მყოფ, ენდემურ, მიგრირებად და ბერნის კონვენციით მკაცრად დაცულ სახეობებს… ეს ტერიტორიები ასევე მნიშვნელოვანია მიგრირებადი სახეობებისთვის, რომლებიც ევროპული ქვეყნების საერთო ბუნებრივ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ჭოროხის დელტა კი ნაწილია ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

არის თუ არა ტექნიკურ დავალებაში შეტანილი ბათუმის აეროპორტის საკითხი? – „დავალებაში არა, თუმცა ეს თემაც დგას, მაგრამ ამ წუთში აქტუალური არ არის. ზოგადად, ბათუმის აეროპორტისთვის საჭირო იქნება მეორე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რისი ადგილიც მაქ არ არის. ამასთან, ბათუმის განაშენიანებას თუ შევხედავთ [მაღლივი შენობები], ფაქტობრივად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების პერსპექტივა არ აქვს“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ბათუმის აეროპორტი დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ, იმ კვლევაზე არის დამოკიდებული, რომელსაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ატარებს.

„გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი“, – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ეს კონცეფცია „საკმაოდ ზოგადია და კონკრეტული არაფერი წერია“. აღნიშნული კონცეფცია ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გაასაჯაროვა.

გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა.

ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/138878/

მთავარი ფოტო: ჭოროხის დელტა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: