ბათუმი,მთავარი,სიახლეები

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

09.12.2019 • 1702
414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარია. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ტენდერი 41 მილიონ 468 ათასი ლარითაა გამოცხადებული.

კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 11 დეკემბერს დაიწყება. რაც შეეხება ზედამხედველის შერჩევას, ტენდერში წინადადებების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს დასრულდება.

საზედამხედველო მომსახურება მოიცავს: სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს; სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს; დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას; შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურებას; სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს; საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს და სხვ.

მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობაც სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღიდან არანაკლებ 18 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ტენდერის პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ „თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე“.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის, 2019 წელს გათვალისწინებული იყო 3,7 მილიონი ლარი, ხოლო 2020 წელს გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. ამ პროგრამით უნდა განხორციელდეს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. პროგრამა ამჯერად 2020-2023 წლებზეა გათვლილი, დაფინანსება კი ჯამში 73 მილიონი ლარია.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: