განათლება,მთავარი,სიახლეები

ესტონური სკოლები ევროპაში საუკეთესოა – საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა

06.12.2019 • 5391
ესტონური სკოლები ევროპაში საუკეთესოა – საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა

ესტონეთმა სასკოლო განათლების რეინტინგში პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში და მეხუთე – მსოფლიოში – წერს „ბიბისი“ PISA-ს ახალ რეიტინგზე დაყრდნობით. PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] კვლევას სამ წელიწადში ერთხელ ატარებს და ესტონეთი ამ რეიტინგის გამარჯვებული ევროპის მასშტაბით 2015 წლის შემდეგ მეორედ გახდა.

ესტონურმა სასკოლო განათლებამ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა სამივე კატეგორიაში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ესტონეთში საბჭოთა განათლების სისტემის გარდაქმნის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე დაიწყო, მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდები ესტონეთში უკვე გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა.

„საბჭოთა კავშირის დაშლიდან 28 წლის შემდეგ ესტონური სკოლა უკვე ძალიან შორსაა საბჭოთა მოდელისგან,“ – წერს „ბიბისი“.

ესტონურ სკოლაში დაბალ და საშუალო კლასებში შეფასება სიტყვიერია, დაბალი და მაღალი ქულების ნაცვლად მასწავლებელი სიტყვიერად აფასებს მოსწავლეებს: „კარგია“, „ძალიან კარგია“, „მეტი მუშაობაა საჭირო“ და ა.შ., ქულების სისტემა კი მხოლოდ მაღალ კლასებში გამოიყენება.

ესტონური სკოლის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა ისიც, რომ მოსწავლეები, ინტერესების მიხედვით, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა წრეში.

ესტონეთში სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1513 ევროა, რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასზე მცირედით მაღალია, ხოლო საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასი 1145 ევროა.

PISA-ს მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჩინეთის ქალაქები – პეკინი, შანხაი, ძიანსუ და ჯეძიანი [კვლევა ჩინეთში მხოლოდ ამ ქალაქებში ჩატარდა] 
  2. სინგაპური 
  3. მაკაო [ჩინეთის ავტონომიური ერთეული]
  4. ჰონგ კონგი 
  5. ესტონეთი 
  6. კანადა 
  7. ფინეთი 
  8. ირლანდია 
  9. კორეა 
  10. პოლონეთი

რეიტინგში მოცემულია 79 ქვეყნის მონაცემები. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ესტონეთის შემდეგ, ყველაზე კარგი შედეგი აქვს ლატვიას – 30-ე ადგილი, რუსეთს – 31-ე ადგილი, ლიტვას – 34 ადგილი. რეიტინგში 36-ე ადგილზეა ბელორუსი და 39-ე ადგილზე – უკრაინა.

რეიტინგში მყოფ ყოფილ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი საქართველოს აქვს – 79 ქვეყნის რეიტინგში საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა. Naec.ge-ს თანახმად, საქართველოში ამ კვლევის ფარგლებში შეფასდა 5 572 მოსწავლე და 326 სკოლა.

_______________

ფოტოზე: ტალინი, ესტონეთის დედაქალაქი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: