მთავარი,სიახლეები

სასამართლოში გამართლებული პირი $144 834 სთხოვს პროკურატურას და შსს-ს 

03.12.2019 • 2499
სასამართლოში გამართლებული პირი $144 834 სთხოვს პროკურატურას და შსს-ს 

პროკურატურას, შსს-სა და ყოფილ ცოლს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოქალაქე ირაკლი შაქარიშვილი სთხოვს. მას ოჯახში ძალადობას ედავებოდა პროკურატურა, თუმცა იგი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ირაკლი შაქარიშვილს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საზღვრის კვეთის უფლება არ ჰქონდა. ის პროფესიით მეზღვაურია და სასამართლო განხილვების პერიოდში უმუშევარი დარჩა.

ირაკლი შაქარიშვილი სამართალდამცველებმა 2016 წელს დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით. პოლიციას მისმა ყოფილმა ცოლმა მიმართა, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ მას ქმარმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„…ეს იყო მოწყობილი პროვოკაცია. სინამდვილეში კამათის გარდა არაფერი მომხდარა. მან მე მიღალატა და ეს როგორც კი გავიგე, განქორწინება გადავწყვიტე… ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დაზიანება სხეულზე რაც ჰქონდა, იმ პერიოდში არ იყო მიყენებული, როცა მე დამაკავეს. მეზობელმაც არ დაადასტურა ცემის ფაქტი,“ – ამბობს ირაკლი შაქარიშვილი.

სასამართლოსთვის ჩვენება თავად დაზარალებულს არ მიუცია. სისხლის სამართლის საქმის პარალელურად, განქორწინების საქმეში ირაკლი შაქარიშვილს მორიგება შესთავაზეს – 50 ათასი ამერიკული დოლარი და ალიმენტი – თვეში 500 დოლარი საერთო შვილისთვის. ქალმა ეს იმ პირობით მოითხოვა, რომ სასამართლოს ჩვენებას საერთოდ აღარ მისცემდა. მორიგება შედგა.

სარჩელში, რომლითაც ახლა ირაკლი შაქარიშვილი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, წერია, რომ ბრალდებულს აღარ ჰქონდა სიმართლის გარკვევის მოლოდინი და ამის გამო არჩია ცოლს მორიგებოდა. ირაკლი შაქარიშვილს ერთ-ერთი პოლიციელის წინააღმდეგ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვისაც მიუმართავს, თუმცა ამ კუთხით არაფერი გარკვეულა.

„მე მქონდა ჩანაწერი. ჩემი ცოლი ეუბნებოდა, მოდი და დაიჭირეო… ისინი ერთად მოქმედებდნენ და ინტერესი იყო ქონება… კიდევ კარგი, საბოლოოდ დადასტურდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ დამრჩა ვალები, რადგან ზღვაში ვეღარ წავედი. ახლა ისევ ვცდილობ, დავსაქმდე,“ – გვითხრა ირაკლი შაქარიშვილმა.

სასამართლომ ამ საქმეზე უკვე მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის პასუხები. ისინი ზიანის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ. შსს წერს, რომ ის რეალური მოპასუხე არ არის, რადგან სისხლისსამართლებრივ დევნას პროკურატურა ახორციელებს. პროკურატურა კი წერს, რომ ზიანის დადგომა არ ყოფილა მისი მიზანი.

„პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებას და დამდგარ შედეგს – ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით…“ – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის შესაგებელში, რომელიც მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს უკვე ჩაბარდა.

ირაკლი შაქარიშვილის საქმეში დევს მისი შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია – კომპანია, სადაც იგი ბრალდებულის სტატუსის გამო ვეღარ დასაქმდა, თვეში 6800 ამერიკულ დოლარს უხდიდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ამ საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: