მთავარი,სიახლეები

ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

22.11.2019 • 1283
ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევანი მის წინა გამომსვლელზე – გიორგი კოხრეიძეზე გაკეთდება: „…აქ იყო კანდიდატი, რომელზეც თქვენ  შეაჩერებთ არჩევანს“. ნათია ზოიძემ თქვა, რომ მასაც შეეძლო გიორგი კოხრეიძის მსგავსად სქრინვერსიები წარმოედგინა და ეჩვენებია, რომ ზოგიერთ გადაცემას 500, ან 700 მაყურებელი ჰყავს.

„არსებობს Google – ანალიტიკის მონაცემები, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და ჩანს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში 80 პროცენტამდე გავზარდეთ ინტერნეტაუდიტორიის რაოდენობა. მიზანი არ ამართლებს საშუალებას. პრობლემების მეტი რა არის სასაუბროდ, მაგრამ რაც არის, ის უნდა აღიარო… მეც შემეძლო სქრინშოტების წარმოდგენა, მაგრამ ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ეს არასერიოზული იქნება, ასე არ ითვლება მონაცემები,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

ნათია ზოიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა იმის მიუხედავად, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია:

„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე. ეს რომ ბოლო დღე იყოს ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო საინტერესო პროცესი და არ ყოფილიყო იგი უინტერესო… ამ პროცესის მიმართ გვაქვს შეკითხვები, მაგრამ ჩვენ შევქმენით კონკურენცია, ჩვენ ავაცილეთ ამ პროცესს დისკრედიტაცია, ვართ აქ, თქვენს წინაშე… მე მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩვენი ღელვის მიზანია არ არის პოზიციები, რომელიც გვიკავია, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენთვის ღირებულება… ჩვენ არ გვინდა დავთმოთ ტერიტორია, სადაც გვეგულება თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და აუდიტორიის პატივისცემა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიას,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

დირექტორობის კანდიდატმა მრჩეველთა საბჭოს უსურვა, რომ ისინი საბოლოო ჯამში დემოკრატიის საწინააღმდეგოდ არ წავიდნენ:

„ვისურვებდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უფრო იყოთ დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგეები… მაქვს ვარაუდები, რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს…. მე ვიცი, როგორ იწყება ეს პროცესები და როგორ მთავრდება. „აჭარის ტელევიზია“ არაა ერთადერთი ტელევიზია, სადაც მიმუშავია. მე ვიცი, როგორ იწყებოდა ცვლილებების ქარი,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: