დღეს, 21 ნოემბერს, ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს.
სხდომას მხოლოდ საკრებულოს აპარატისა და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ესწრება. ბიუჯეტის განხილვაზე არ იმყოფება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი და არცერთი დაინტერესებული მოქალაქე. საკრებულოს პრესსამსახურის განმატებით, არასამთავრობო ორგანიზაციები განხილვაზე გუშინ მოიწვიეს.
ბიუჯეტის განხილვა 24 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ერთხელ უკვე შედგა ბათუმის ჩართულობის ცენტრში , სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა: „ალბათ ამიტომ არ მოვიდნენ. რაც შეეხება მოქალქეებს ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, მათ შორის სტუდენტები და ვთხოვეთ ლალი ანთიძესაც, მაგრამ მე არ მინდა აქ ხვეწნით ვინმეს მოყვანა“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მუნიციპალური ორგნიზაციის „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელმა მარიკა გვიანიძემ კი მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიეცათ საშუალება ბიუჯეტის პროექტს გასცნობოდნენ: „მადლობა რომ წარმოგვიდგინეთ პრეზენტაცია, ჩვენც გვეკუთვნის ეს პატივიცემა“ – განაცხადა მან.