მთავარი,სიახლეები

სიმაღლის გადასახადიდან ბათუმის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი შევიდა

19.11.2019 • 1379
სიმაღლის გადასახადიდან ბათუმის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი შევიდა

ბათუმის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ათი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით 528 000 ლარი შევიდა. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს. შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე ჰაერის გადანაწილების პრობლემები იქმნება.

კ2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი სახის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარს, ხოლო საცხოვრებელ ზონაში – 143 ლარს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს კ2-ის გაზრდაზე მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს, უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით კი, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 369 800 ლარი შევიდა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ მოსაკრებლის სახით, მომავალ წელს მერია 500 000 ლარის ამოღებას გეგმავს, ასეთია საპროგნოზო მაჩვენებელი. რაც შეეხება ზონალური შეთანხმების მოსაკრებელს, ამის შესახებ მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში არაფერი ჩაწერა.

2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: