ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17.11.2019 • 1244
„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა და საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა – ეს არის ბათუმში, მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნები. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელზეც “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით: „ძირს გადამგდები რეჟიმი“, „დავიბრუნოთ ქვეყანა“, „მატყუარა ბიძინა“, „გადამგდები ოცნება“.

„ვითხოვთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდეს ეს არჩევნები, თორემ დღევანდელი ცესკოს შემადგენლობის პირობებში ეს იქნება ფიქცია და ფარსი. დარწმუნებული ვარ საზოგადოება აჩვენებს თავის ერთსულოვნებას, გამოხატავს თავის აზრს, ვაჩვენებთ ხელისუფლებას რომ ჩვენ არა ვართ ცხვრები, რომლებიც შეიძლება მარტივად მოატყუოს, ჩვენ ვართ გონიერი საზოგადოება, რომელმაც სისხლის ფასად მოიპოვა პროპორციული არჩევნების უფლება და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი ახალგაზრდების სისხლი ასე მარტივად დავთმოთ, გავყიდოთ და ტყუილში გავცვალოთ“ – განაცხადა აქციაზე გენრი დოლიძემ, „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 17.11.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი, „ბათუმელები“

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

ამ თემაზე:

ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიცია

გადაბეჭდვის წესი