მთავარი,სიახლეები

დავარქვათ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი? – ბათუმის მერი მრჩეველთა საბჭოს 

13.11.2019 • 1452
დავარქვათ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი? – ბათუმის მერი მრჩეველთა საბჭოს 

დაერქვას თუ არა ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩისა და სასულიერო სემინარიას შორის არსებულ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი, მოაწყოს თუ არა აჭარაში მოღვაწე „სახელოვანი  წინაპრების ხეივანი“, სადაც მათივე სკულპტურული პორტრეტები იქნება განთავსებული, სად დაიდგას 9 აპრილის მემორიალი, განათავსონ თუ არა ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტი და ასე შემდეგ – დაახლოებით ამ შინაარსის მიმართვებს აგზავნის ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თავისავე მრჩეველთა საბჭოში, იმსჯელეთ და მირჩიეთ, როგორ მოვიქცეო.

უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მერს მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებები არ აინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, ახალი სამშენებლო პროექტები, ურბანული განვითარება, ისტორიული ზონის შექმნა, სტრუქტურული რეორგანიზაცია, ახალი მუნიციპალური ორგანიზაციების შექმნა, სატარიფო საკითხები, მას მრჩეველთა საბჭოსთვის მოსაზრება არასდროს უთხოვია.

„მაგალითად, მერი არ დაინტერესებულა საბჭოს აზრით, როცა ახალი საზედამხედველო აიპის შექმნა გადაწყვიტა და არც ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მიგვიღია, ვიდრე არ მოვითხოვეთ“, – გვითხრა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გუჩმანიძემ.

იმაზე, რომ მნიშვნელოვან საკითხებს მერი საბჭოში განსახილველად არ აგზავნის, საბჭოს წევრებიც საუბრობენ, ამიტომაც არის რიგი საკითხებისა, რომლებსაც საბჭოს წევრები თავიანთი ინიციატივით განიხილავენ, ამზადებენ რეკომენდაციას და უგზავნიან მერს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ დაგეგმილი სამშენებლო პროექტი ბათუმის კონცხზე.

საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნინო ინაიშვილის ინიციატივით განიხილეს მერიაში ბათუმის იტორიული ზონის განყოფილების დაკომპლექტების საკითხი და სხდომაზე მოწვეულ შესაბამის სამსახურის უფროსს მოსთხოვეს განმარტება, თუ რა სამუშაოს ასრულებენ დაუმტკიცებელი ზონის განყოფილების სპეციალისტები. მერი საბჭოს მოსაზრებებით არც მაშინ დაინტერესებულა, როცა ისტორიული ზონის დადგენილი საზღვრები მერიამ თვითნებურად შეცვალა და არც მაშინ, როცა ამ ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადადო.

საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ გუჩმანიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ მერს საბჭოს მოსაზრებები არ აინტერესებს იმ საკითხებზე, რის შესახებაც მან საბჭოს განწყობა წინასწარი იცის და იცის ისიც, რომ ამ განწყობას ვერ გაიზიარებს. შესაბამისად, რომ არ დაგროვდეს საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც საბჭოს ხშირად ექნება სათქმელი, რომ მერმა მოსაზრება არ გაიზიარა, ის გაცილებით უმტკივნეულო გზას ირჩევს და  ამ საკითხებს განსახილველად საბჭოს საერთოდ არ უგზავნის.

საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მხოლოდ მერის სურვილი არაფერს ნიშნავს, საბჭოს დებულების მიხედვით მერი ვალდებულია, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე საბჭოს მოსაზრებებს გაეცნოს მაინც, თუ მათ არ გაიზიარებს:

„ჩვენ გვაქვს ასევე ვალდებულება, რომ ჩავერთოთ შემდგომი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში, პროექტის საკრებულოში გადაგზავნამდე. მერიას დოკუმენტი არ გადმოუგზავნია, ამიტომაც ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ ის.“

რაც შეეხება მემორიალების განთავსებისა და სახელდების საკითხებს, კახაბერ გუჩმანიძის აზრით, ზოგჯერ ასეთ შემთხვევაშიც არ არის საქმე მარტივად. მისი თქმით „ასეთი ორი საკითხი დაბლოკა მრჩეველთა საბჭომ“.

რიგ საკითხებზე მერის მრჩეველთა საბჭოს მოქალაქეებიც მიმართავენ და პრობლემის მერთან მიტანას სთხოვენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: