მთავარი,სიახლეები

მოსამართლე სექსმუშაკების დასჯაზე: ეფექტურია ეს ჯარიმები?

13.11.2019 • 2656
მოსამართლე სექსმუშაკების დასჯაზე: ეფექტურია ეს ჯარიმები?

“ხშირად იძახებენ პოლიციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, როცა ფასიან სექსუალურ მომსახურებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება,” – უპასუხა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მოსამართლე ირინე იმერლიშვილს, რომელიც დაინტერესდა – რა საფრთხეს ქმნიან სექსმუშაკები, როცა ისინი ქუჩაში არიან?

დღეს, 13 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საია-ს სარჩელს განიხილავს. დავის საგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც პროსტიტუცია ჯარიმას ექვემდებარება. კანონის მიხედვით, სექსმუშაკის დაჯარიმება პოლიციელს შეუძლია, თუკი ის დაადგენს, რომ ქალს ან კაცს სექსი ფულის სანაცვლოდ ჰქონდა.

“მე მაინტერესებს, რამდენად ეფექტურია ეს აკრძალვა?” – იკითხა მოსამართლე თემურ ტუღუშმა.

“ვერ გეტყვით, რა გავლენას ახდენს ეს სახდელი ქცევაზე,” – უპასუხა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა. ის მოსამართლეებს ამ საკითხის მოკვლევას და მონაცემების მიწოდებას დაჰპირდა.

მოსარჩელე, ანუ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ კანონის ეს ჩანაწერი კონსტიტუციით გარანტირებულ “პიროვნების თავისუფალი განვითარების” უფლებას არღვევს, კონკრეტულად – “სექსუალური ქცევის არჩევის საშუალებას”.

“ჩვენ გვაქვს ის მოდელი, რაც არის სხვა რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ლიეტუვასა და ხორვატიაში პროსტიტუცია ითვლება საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევად,” – მიმართა საია-ს იურისტ გიორგი გოცირიძეს პარლამენტის ინტერესების დამცველმა, ქრისტინე კუპრავამ.

პარლამენტის იურისტმა ყურადღება ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბოლოდროინდელ ტენდენციაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, ქალის სხეულის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

“სადაც მოხდა პროსტიტუციის ლეგალიზება, იქ ვერ იქნა მიღწეული მიზანი – ძალადობის შემცირება… გასაგებია, რომ ქალები ნებაყოფლობით ხდებიან სექსმუშაკები, მაგრამ რამდენად არის ეს არჩევანი თავისუფალი?… რეალურად, ვინც თავი დააღწია ამას, წლები დასჭირდათ იმისთვის, რომ ჯანმრთელობისთვის მიეხედათ და თავიდან დაეწყოთ ცხოვრება… დეგრადაცია განიცადა მათმა პიროვნებამ,” – აღნიშნა პარლამენტის იურისტმა, ქრისტინე კუპრავამ.

საია-ს პოზიციით, კანონის ჩანაწერი სექსმუშაკების მდგომარეობას უფრო ამძიმებს, რადგან ძირითადად არც იმის გამორკვევა ხდება, რა მოხდა.

“ამ საქმეებში მოწმე  ყოველთვის პოლიციელია,” – დასძინა საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

სექსმუშაკების მტკიცებით, წლების განმავლობაში და ახლაც ხშირად პოლიციელები კანონის ამ ჩანაწერით სარგებლობენ და სექსმუშაკებისგან ითხოვენ უფასო სექსუალურ მომსახურებას.

“როგორ ადგენს პოლიციელი, რომ პროსტიტუციას ჰქონდა ადგილი?” – იკითხა ისევ მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

“ძირითადად გვაქვს ქალების აღიარებითი ჩვენებები… თუ არ არის ეს, მაშინ პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები,” – თქვა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პროსტიტუციის დასადგენად საკმარისია მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმების არსებობა და არა სექსი, რომელიც შესაძლოა არ შედგა. ანუ პოლიციელი აჯარიმებს ქალს, თუკი დადგინდება, რომ ის ვინმეს ფულის სანაცვლოდ სექსს დაჰპირდა.

საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრე არც ის არ არის და მიიჩნევს, რომ ამას სხვა რეგულაციები სჭირდება.

“ჩვენი კატეგორიული პოზიციაა ის, რომ პროსტიტუციისთვის არ უნდა ჯარიმდებოდეს ქალი,” – დასძინა გიორგი გოცირიძემ.

“თუკი ქალის ობიექტივიზაციას ვეწინააღმდეგებით, რატომ უნდა გამოვრიცხოთ პასუხისმგებლობა ამ პირების, ვინც ფასიან სექსუალურ მომსახურებას ახორციელებს?” – მიმართა საია-ს იურისტს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა.

“პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმას, ვინც ქალი ობიექტად აქცია… მსხვერპლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით არ მოხდება მსხვერპლის დაცვა,” – გაცხარდა გიორგი გოცირიძე.

დღევანდელ სხდომაზე შსს-ს იურისტმა ასევე დაადასტურა ის, რომ პოლიცია არ რეაგირებს შემთხვევებზე, როცა დისტანციური წესით – ტელეფონით ან ინტერნეტით ხდება ფასიან სექსზე შეთანხმება. მარიამ კერესელიძემ განაცხადა, რომ ძირითადად სასტუმროებში ან ქუჩაში მომუშავე სექსმუშაკებზე მუშაობენ და დისტანციურ შეთანხმებაზე “არც ერთი ფაქტი არ ყოფილა”.

“რატომ არ ყოფილა? ასე ხომ უფრო ცალსახა მტკიცებულება არსებობს? არის ბევრი საიტი, სადაც ადამიანის სახელიც წერია და ტელეფონის ნომერიც…” – მიმართა შსს-ს იურისტს გიორგი გოცირიძემ.

“მე გითხარით პრაქტიკის შესახებ, როგორ ხდება… მე დღეს ფაქტობრივი მონაცემების წარმოდგენა მთხოვეს,” – აღნიშნა მარიამ კერესელიძემ.

“ეს ჯარიმა მიემართება ქალს და არა მამაკაცს, რომელმაც ეს სერვისი მიიღო… ცალმხრივად ებრძვით პროსტიტუციას, თუ არსებობს რაიმე სახის სტრატეგია?” – დაინტერესდა მოსამართლე მანანა კობახიძე.

შსს-ს იურისტმა მოსამართლეებს განუმარტა, რომ ქალები ჯარიმდებიან, თუმცა პროსტიტუციაში ჩაბმისთვის ან ადგილის გამოყოფისთვის, რაც უკვე სისხლის სამართლის წესით დასჯადია, შესაძლოა დააკავონ კაციც.

გარდა ამისა, სექსუალური მომსახურების გამწევი შეიძლება იყოს, როგორც ქალი, ასევე კაცი.

“არის შემთხვევები, როცა ინფორმაცია შემოგვდის, მაგალითად, სასტუმროზე და საქმე იწყება სისხლის სამართლის წესით და ამას მოჰყვება ხოლმე ადმინისტრაციული წესით დასჯა… ზოგჯერ პირიქით ხდება,” – დასძინა მარიამ კერესელიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/93778/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: