ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

11.11.2019 • 2658
მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო.

„მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – აცხადებს აუდიტი.

შპს „რივიერას“, ბათუმის ზღვისპირას მდებარე 12 533 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 923 44 კვ.მ ნავსაყუდელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა სარგებლობაში.

გარდა ამისა, როგორც აუდიტი აღნიშნავს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ − ბათუმის ბულვარის სარგებლობის უფლება გაუქმდა ბათუმის ზღვისპირა ბულვარში მდებარე, საერთო ჯამში 5 455 კვ.მ მიწის 2 ნაკვეთზეც, რომლებსაც „ბულვარი“ იჯარით გასცემდა.

„ამრიგად, 7 601 880 ლარის საბაზრო ღირებულების საკურორტო ინფრასტრუქტურის ქონების, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან [ბათუმის მუნიციპალიტეტთან – ავტ.] შეთანხმების გარეშე, 1 ლარად, 20 წლის ვადით სარგებლობაში გაცემის შედეგად, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს მაშინ, როცა მოიჯარე კომპანიის საინვესტიციო ვალდებულება 20 წლის განმავლობაში, 3 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა [გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, შპს „რივიერა“ ისარგებლებს ვადის გაგრძელების უპირატესი უფლებით.] ამასთანავე, აუდიტის პერიოდისათვის ვერ მოხერხდა იახტკლუბის განვითარების პროექტის სამინისტროსთან შეთანხმება და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, რაც არ პასუხობს საინვესიტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპებს და შესაძლოა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერ განკარგვასთან იყოს დაკავშირებული“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

– – –

შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობის წინაშე ბათუმის იახტკლუბის განვითარების ვალდებულება აქვს აღებული, ბათუმის იახტკლუბი ქვეიჯარით შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ გადასცა.

„ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემასაც ითხოვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა.

მთავარი ფოტო: ბათუმის იახტკლუბი/ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების კონცეფციიდან

– – –

2017-2018 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, დღეს, 11 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე:

თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: