მთავარი,სიახლეები

ვიცი, ეს ხალხი როგორი დათრგუნულიცაა – ფიზიკოსი, რომელიც ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

06.11.2019 • 1418
ვიცი, ეს ხალხი როგორი დათრგუნულიცაა – ფიზიკოსი, რომელიც ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

,,ფუტკრები მყავდა, ათი სკა. ვმეგობრობდით მე და ეს ფუტკრები. მერე დამიჭირეს. ციხიდან რომ გამოვედი, აღარ დამხვდნენ, გაფრენილან. იყო სოფლის მეურნეობის პროგრამა, დავწერე პროექტი და არ დამიფინანსეს.

დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, ანძების თითქმის 90 % ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო კომპანიაში ჩემ დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. სისხლი ჩავაქციე ამ სამსახურში.

მერე დავიწყე ვაკანსიების ძებნა, სადაც მივდიოდი, ყველგან ნასამართლობის ცნობას მთხოვდნენ, არსად მეკითხებოდნენ რა ვიცოდი, რა განათლება მქონდა, რა შემეძლო. ყოფილ პატიმარს საქართველოში დამსაქმებლები გიყურებენ როგორც კაციჭამიას“, – გვიყვება 54 წლის ყოფილი პატიმარი, რომელმაც ციხეში 2015-2016 წლები გაატარა. რესპონდენტის სახელსა და გვარს მისივე სურვილით არ ვასაჯაროებთ.

გამოყენებითი ფიზიკის სპეციალისტია და აქვს მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება. მოსკოვში წლების განმავლობაში „სიმენსის“ წარმომადგენლობაში მუშაობდა, ცხოვრობდა ფიზიკოსთა ქალაქ დუგანში, სადაც სხვადასხვა კვლევაში იყო ჩართული და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ავტოქარხანაში მუშაობდა.

მიუხედავად პროფესიონალიზმისა და სამუშაო გამოცდილებისა, პირობითად დავითი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ვერ დასაქმდა. შემდეგ ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ შესახებ გაიგო. გათბობა-გაგრილების სისტემების საკუთარი ოფისის იდეა გაუჩნდა, ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ხელსაწყოების შეძენაში დაეხმარნენ.

მერე ამ იდეით ბევრი დაინტერესდა, დავითმა 2019 წლის გაზაფხულზე პროექტი დაწერა, ამავე წლის ოქტომბერში იდეა რეალურ საქმედ იქცა და ახლა ქუთაისში მდებარე გათბობა-გაგრილების სისტემების სოციალურ საწარმოში ოთხი ყოფილი პატიმარია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ.

დავითის სოციალური საამქროს იდეა ,,დემოკრატიის ინსტიტუტმა” დააფინანსა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს” „დემოკრატიის ინსტიტუტი“ თითქმის ორი წელია ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში.

როგორც დავითი გვეუბნება, ქუთაისში გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალი და მზარდია, რადგან სპეციალისტი ქალაქში ცოტაა.

ყოფილი პატიმარი ,,ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი საწარმო ახლა ჩეხურ კომპანიასთან ერთად მუშაობს მზის პანელების პროექტზე და როცა ეს იდეაც საქმედ იქცევა, მეტ მსურველს დაასაქმებენ.

დავითს სურს გამოყენებითი ფიზიკა, რაც პრაქტიკულ საქმიანობასა და დასაქმებაში გამოადგებათ, ახალგაზრდებს, ყოფილ პატიმრებს ასწავლოს:

„ყოფილ პატიმრებს ან მათი ოჯახის წევრებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს შევასწავლიდი საქმეს, ინჟინერი აღარაა ამ ქვეყანაში და აღარც ამ საქმის შესწავლის მსურველი. შემიძლია ჩავატარო ლექციები და, რაც ვიცი, ვასწავლო თეორიულად და პრაქტიკულად. ეს იმისთვის, რომ ციხიდან გამოსულ კაცს ჰქონდეს სამუშაო, არ ჰქონდეს საფიქრალი, რომ  ნასამართლობის გამო უსამსახუროდ დარჩება. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ის დათრგუნულობა, რასაც ეს ხალხი განიცდის.

გათავისუფლდებიან და არ აქვთ საქმე, არ იციან რა აკეთონ, რაც მათ ისევ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. ამ ფენომენს შველა სჭირდება. აქ ვართ და ხელგაშლილი ველით ყველას, ვისაც სწავლა უნდა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: