მთავარი,სიახლეები

ქართველი მეზღვაურის გატაცება დადასტურდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

04.11.2019 • 2690
ქართველი მეზღვაურის გატაცება დადასტურდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

გავრცელებული ინფორმაცია მეკობრეების მიერ ერთი ქართველი მეზღვაურის გატაცების შესახებ დადასტურდა. საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია,” –  ნათქვამია სააგენტოს  განცხადებაში.

ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ „როიტერსმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, 4 ნოემბერს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან,  ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. ტყვეებს შორის ერთი ქართველი, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/237744/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: