მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ქალი საქართველოში

06.11.2019 • 4504
რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ქალი საქართველოში

ქალი აუცილებლად უნდა „ჩაბარდეს პატრონს“, ანუ დაქორწინდეს – ეს შეხედულება საქართველოში, ნებისმიერ ურბანულ სივრცეში, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მყარად ფეხმოკიდებული ფასეულობაა. რამდენად რთულია შედგე როგორც სრულფასოვანი ქალი „პატრონის“ გარეშე? – ფემინისტი ქალების თქმით, ეს რთული მაგრამ შესაძლებელია.

„ვერ გათხოვდი?“ „გაუთხოვარი უნდა დარჩე?“ „სხვებზე ნაკლები რითი ხარ, რატომ არ უნდა გათხოვდე?“ – ეს კითხვები მოქალაქე ნინო ბერაძეს არაერთხელ მოუსმენია. ის არ არის გამონაკლისი ქალი, ვისაც დაუქორწინებლობის გამო „პასუხს სთხოვენ“. მან გადაწყვიტა, დღეს ამ ემოციებზე ღიად ისაუბროს.

კითხვა „რატომ არ თხოვდები?“ რომ ბევრს აღიზიანებს, ამას „ბათუმელების“ გამოკითხვაც აჩვენებს. ტესტს ასეთი სათაური ჰქონდა – „კითხვა, რომელსაც ვერ იტანთ“ და შეკითხვა „გა-თხოვებაზე“ მეორე ადგილზე გავიდა. გენდერის სპეციალისტების რჩევების მიუხედავად, სიტყვას – „გათხოვება“ და ამ სიტყვისგან ნაწარმოებ სხვა სიტყვებს – „განათხოვარი“, „გაუთხოვარი“ ისევ ხშირად ვიყენებთ. ეს ტერმინი გვხდება სკოლის სახელმძღვანელოშიც, მაგალითად, სამოქალაქო განათლების წიგნში ნახავთ ტესტს ამ სათაურით: „გათხოვებას ისურვებდი…“ „ცოლის თხოვას ისურვებდი…“

ტერმინი „გათხოვება“ პრობლემურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც ამ სიტყვის ფუძეში ჩანს – „თხოვება“. „ამ სიტყვიდან ჩანს დამოკიდებულება, რომ ქალი სუბიექტი კი არ არის, არამედ ობიექტია, ნივთი, რომელსაც ისე მოექცევი, როგორც თავად გადაწყვეტ,“ – მიიჩნევენ გენდერის სპეციალისტები.

რას განიცდიან ქალები? – „კეთილგანწყობილი აგრესია“ 

„მე კეთილგანწყობილი აგრესია დავარქვი ამ შეკითხვებს, რაც „გათხოვებასთან“ დაკავშირებით არსებობს“, – გვიყვება ნინო ბერაძე და იხსენებს, რომ წლების წინ მტკივნეულად აღიქვამდა საზოგადოების დამოკიდებულებას. ნინო ბერაძე ფრანგული ენის და ლიტერატურის მასწავლებელია. ის იყო ბათუმის საკრებულოს წევრიც პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“.

„თითქოს შენზე ზრუნავენ ადამიანები და არ ფიქრობენ, რომ ეს არის აგრესია და შეურაცხყოფა, როცა შენ რეალურად არ გიტოვებენ არჩევანს. გეუბნებიან სერიოზულად, ხანაც – ხუმრობით, რომ „პატრონი“ საჭიროა. განუგეშებენ კიდეც, „არასდროს არ არის გვიანო“. შეიძლება ყველა მიღწევა და წარმატება გადახაზონ, თუკი შენ არ ხარ დედა. საზოგადოებას არ სჯერა, რომ შესაძლოა არ დაოჯახდე და იყო ბედნიერი, რომ ეს შენი არჩევანია… მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარული და თავისუფალი არჩევანი იყო ყველაზე ფასეული. ასე მოვდივარ დღემდე.

ნინო ბერაძე

საქართველოში არის ძირითადად დედის კულტი და არა ქალის. ცოლშიც ხედავენ დედას, მზრუნველს, რომელმაც უნდა მოუაროს კაცს… ვფიქრობ, რომ ერთგვარი გამოსავალია ეკონომიკური სიძლიერე.  თუკი ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი იქნება, მას ექნება არჩევნის საშუალება და ასე იოლი „ნადავლი“ აღარ იქნება,“ – ამბობს ნინო ბერაძე.

რამდენად შეიცვალა წლების განმავლობაში კითხვები „გათხოვების“ კუთხით და შეიცვალა თუ არა პასუხი? – ნინო ბერაძე პირადი გამოცდილებით გვიყვება, რომ გენდერის კუთხით გარკვეული აქტივობების მიუხედავად, კითხვებსა და რეპლიკებში არაფერი შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ქალების დამოკიდებულება, რომლებმაც თავისუფლების დაცვა გადაწყვიტეს.

„წინათ თუ მოკრძალებული ღიმილით ვპასუხობდი კითხვას: „რატომ არ თხოვდები?“, ახლა კატეგორიულად ვპასუხობ: „ეს თქვენი საქმე არ არის“, „ეს ჩემი არჩევანია“, – ამბობს ნინო ბერაძე.

„გათხოვდა“, ანუ ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა

„რა თქმა უნდა, სიტყვები: „გათხოვება“, „ითხოვა“, „განათხოვარი“ და ასე შემდეგ, არის ერთ-ერთი გაუცნობიერებელი ფაქტორი, რომ კაცმა ქალი აღიქვას, როგორც ობიექტი, როგორც ნივთი. ამ კუთხით კვლევები არავის ჩაუტარებია და არავინ იცის, რა გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე მსგავსი ტერმინები, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელობა განგვსაზღვრავს. „გათხოვდა“ უკვე ნიშნავს იმას, რომ კულტურულად ქალის როლი განსაზღვრულია, ეს აყალიბებს მოლოდინს და მოთხოვნას ქალის მიმართ, რომელიც თავად არ განსაზღვრავს საკუთარ ბედს…“ – ეს ეთუნა ნოღაიდლის მოსაზრებაა, იგი გენდერის კვლევის მაგისტრია და ქალთა უფლებადამცველი. სამაგისტრო ნაშრომში იგი იმ სიტყვებზე მუშაობდა, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებით გვაქვს და ასევე ქალის სტატუსს ასახავს.

„ქართული ენა ჩვენ ვერ გვთავაზობს სტატუსის აღმნიშვნელ სიტყვას, რომელიც ზრდასრულ ადამიანს ქორწინების მიღმა განსაზღვრავს, მაგალითად, ინგლისურ ენაში ვხვდებით სტატუსს „Single“, რომლის ქართული შესატყვისიც ჩვენ არ გვაქვს… [ეს სიტყვა გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება].

ეთუნა ნოღაიდელი

კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როცა საკითხი ქალს ეხება, მაგალითად, „მარტოხელა“. ეს სიტყვა მიგვანიშნებს, რომ რეალურად ორი ხელი გვაქვს და ერთი გვაკლია, ანუ არასრულფასოვნები ვართ. ან კიდევ: მამაკაცზე ვერ ვიტყვით, რომ დანაქორწინებია ან დანაოჯახებია, ქალზე კი ამბობენ: „განათხოვარია“. სიტყვა „თხოვება“ უკვე სხვა პოზიციაში აყენებს ქალს, ის არის ნივთი, რომელიც ერთი ხელიდან მეორეში გადადის, ითხოვე და მერე შეიძლება უკან დააბრუნო,“ – აღნიშნა ეთუნა ნოღადელმა „ბათუმელებთან“.

უნდა გამოვიყენოთ თუ არა სიტყვა „გათხოვება“?  

„ლინგვისტური თვალსაზრისით შესაძლოა ასე ჩანდეს, მარტივად, რომ „გათხოვდა“ და იგივდება ნივთთან, მაგრამ კონტექსტი დღეს სხვა არის: ქორწინება დღესაც უფრო სოციალური აქტია, ვიდრე ინდივიდუალური, ხოლო დაქორწინება დაკავშირებულია რაღაცის ურთიერთგაცვლის პროცესთან, რომელშიც ორივე მხარე იღებს სარგებელს,“ – ამბობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი, დიმიტრი ჩუბინიძე. იგი ერთ-ერთ კვლევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით.

„გამოჩნდა, რომ ფორმალური მოცემულობისგან განსხვავებით, ძირითადად ოჯახებში ქალები იღებენ გადაწყვეტილებას, ქალი განაგებს ყველაფერს…  შესაბამისად, ქალისა და მამაკაცის როლიც წინასწარ მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია,“, – უთხრა დიმიტრი ჩუბინიძემ „ბათუმელებს“.

„რა თქმა უნდა, მარტო სიტყვასთან ბრძოლით ვერაფერს შევცვლით… მე არ მიკვლევია ანთროპოლოგიურად ამ სიტყვის წარმომავლობა, არა მგონია, ეს ვინმეს ჰქონდეს ნაკვლევი, მაგრამ ეს სათავეს იღებს ქალის სტატუსის ნაკლებობაში, რაც არსებობდა წლების წინ, როცა ქალი იყო მამის საკუთრება და ხდებოდა ქმრის საკუთრება,“ – მიიჩნევს გენდერის სპეციალისტი ეთუნა ნოღაიდელი.

„გათხოვებიდან“ გენდერული კვოტირების უარყოფამდე 

2014 წელს, როცა ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევა შეიკრიბა, ნინო ბერაძე, რომელსაც ხშირად ეკითხებიან, თუ რატომ არ გათხოვდა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. რამდენიმე დღეში კომისიის თავმჯდომარეები შეკრებილან. „შეკრებას“ მხოლოდ ნინო ბერაძე არ დასწრებია – მას ამ შეხვედრის შესახებ არც კი უთხრეს, რადგან დანარჩენი კომისიების კაცმა თავმჯდომარეებმა იმ დღეს ავტომანქანები გადაინაწილეს.

„გავაპროტესტე, მაგრამ ვერაფერი მითხრეს. მერე ირაკლი ჭეიშვილმა, მაშინ ის იყო თავმჯდომარე, გამომიყო მანქანა, რომლითაც ვერ ივლიდი, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო… არ მინდოდა ამის გახსენება, რადგან მეტყოდნენ: „ა, შენ მანქანას ითხოვ?“… შემიმჩნევია ასევე საკრებულოს სხდომებზე ნატალია ზოიძისთვის განსაკუთრებით უთქვამთ: „მოკლედ, მოკლედ თქვით“. ესეც სტერეოტიპია – „ქალებს ბევრი ლაპარაკი უყვართ“… – ასე იხსენებს საკრებულოში მუშაობის პერიოდს ნინო ბერაძე.

ნინო ბერაძე პარადოქსულად მიიჩნევს მოცემულობას, როცა კვლევების მიხედვით, საზოგადოებას ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა სურს, არჩევნების დროს კი, ქალ კანდიდატებს მხარს არ უჭერენ.

„არჩევნების დროს სხვა ფაქტორები აქტიურდება, სხვა მექანიზმები ირთვება. კაცები, რომლებიც მანამდე ლოიალურები ჩანან, ამბობენ, რომ თავად ქალებმა უნდა ვიბრძოლოთ… ჩვენ ძალიან ნელი და მძიმე ნაბიჯებით მივდივართ წინ,“ – დასძინა ნინო ბერაძემ.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენთან საზოგადოებრივი პროგრესი წინ უსწრებს სახელისუფლებო პროგრესს. NDI-ს კვლევის მიხედვით, 60 პროცენტი ითხოვს გენდერულ კვოტირებას,“ – აცხადებს „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი თამარ კორძაია. იგი წინა მოწვევის პარლამენტის წევრია. თამარ კორძაიას თქმით, არც წინა და არც ახალი მოწვევის ზოგიერთ პარლამენტარს სრულად არ ესმის გენდერული კვოტირების არსი. იურისტი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კვოტირება ქალისა და მამაკაცის თანაბრობას კი არ ითვალისწინებს, არამედ ქალის და მამაკაცის განსხვავებული შეხედულებების შეჯერების შესაძლებლობას.

თამარ კორძაია

„პარლამენტში მსხდომმა ადამიანებმა კი არ უნდა გაუთანაბრონ ქალი და კაცი ერთმანეთს, არამედ მათ უნდა გააცნობიერონ ის, რომ განსხვავებული აზროვნება აქვთ ქალს და კაცს, ამიტომაც არის მეტი ქალის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანი. ქალს აქვს განსხვავებული ხედვები და ამ ხედვების შეჯერება უნდა ხდებოდეს. როცა ხედვების შეჯერება ხდება, მაშინ არის პროგრესი სახეზე. ამას თუ გავიაზრებთ, მერე აღარ მოვისმენთ ისეთ არაკომპეტენტურ პოზიციებს, როგორიც არის, მაგალითად: „უტვინო ქალების დაწინაურება მოხდება“. ვითომ ახლა კაცები წყვეტენ ვარსკვლავებს,“ – ამბობს თამარ კორძაია.

ყოფილი პარლამენტარი ამჩნევს ტენდენციასაც – პარლამენტი უკვე იღებს იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ქალებს უკავშირდება, მაგრამ ამ სამართლებრივ აქტებში ქალი ყოველთვის „მსხვერპლია“.

„მაგალითად, კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, აქაც ქალი დაცვის ობიექტია. პარლამენტი აღიარებს ქალს, როგორც მსხვერპლს და მზად არის, დაიცვას იგი, მაგრამ როგორც კი საკითხი მიდის რეალურ თანასწორობამდე, ამას უკვე აღარ აღიარებს,“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია ხაზს უსვამს იმასაც, რომ „გენდერული კვოტირება“ დროებითი ღონისძიება უნდა იყოს. პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ პოლიტიკოსებს კვოტირება არ სურთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალებმა შესაძლოა მათი ადგილები დაიკავონ.

თამარ კორძაია: „2011 წლიდან არსებობს ფინანასური წახალისება იმ პარტიებისთვის, რომლებიც კვიოტირების გარკვეულ პრინციპს დაიცავენ, მაგრამ ეს არ მუშაობს. ფინანსებზე მეტად ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი ადგილია. ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა თანაპარტიელმა შესაძლოა დაიკავოს მისი ადგილი მარტივად, თუკი გენდერული კვოტირება იქნება“.

პარლამენტში ამ დროისთვის 150 დეპუტატიდან 24 ქალია. რაც შეეხება მთავრობას – 11 მინისტრიდან 5 ქალია.

____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: