მთავარი,სიახლეები

თვალის დაავადება კერატოკონუსზე ბათუმში 10 ნოემბერს უფასო სკრინინგი ჩატარდება

07.11.2019 • 4492
თვალის დაავადება კერატოკონუსზე ბათუმში 10 ნოემბერს უფასო სკრინინგი ჩატარდება

10 ნოემბერს ბათუმში, თვალის კლინიკა „ოკულუს მედში“, 18-40 წლის ასაკის მოსახლეობას ჩაუტარდება თვალის დაავადება კერატოკონუსის უფასო  სკრინინგი. კლინიკა ამ აქციით ეხმიანება კერატოკონუსის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 ნოემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ჰუმანიტარული ღონისძიებებით, აქციებით და ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიით.

მიიჩნევა, რომ შავიზღვისპირეთი ამ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.

მოსახლეობის უფასო სკრინინგს „ოკულუს მედში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი, მერაბ დვალი უხელმძღვანელებს. სწორედ მას დავუსვით ამ დაავადების შესახებ რამდენიმე კითხვა.

  • ბატონო მერაბ, რა არის კერატოკონუსი და რა სიმპტომებით მიმდინარეობს ეს ავადება?

კერატოკონუსი არის თვალის წინა, გამჭირვალე, სფერული და ოპტიკურად ყველაზე ძლიერი გარდატეხის მქონე ნაწილის – რქოვანა გარსის ორმხრივი და პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება, არათანაბრად გამოიზნიქება წინ და კონუსისებრ პროფილს იღებს.

რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ და გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.

კერატოკონუსისთვის დამახასიათებელია:

[checklist]

  • მხედველობის სიმახვილის შედარებით სწრაფი დაქვეითება
  • სათვალის ან კონტაქტური ლინზის ხშირი შეცვლა
  • ცრუ ახლომხედველობის ან/და ასტიგმატიზმის განვითარება, რომელთა კორექციაც ძნელად ხერხდება სათვალით ან რბილი კონტაქტური ლინზით
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა
  • სინათლის წყაროს ფონზე „შარავანდედისა“ და „ანარეკლის“ არსებობა
  • მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობა

[/checklist]

კერაკოტონუსი

 

  • სკრინინგისას შერჩეულია ასაკობრივი ჯგუფი, 18-40 წლამდე, რატომ მოხდა ასე გამოყოფა, დაავადება ძირითადად ამ ასაკში გვხვდება, თუ სხვა მიზეზია?

კერატოკონუსი უმეტესად 15-17 წლის ასაკში იწყება და, როგორც წესი, 30-35 წლამდე პროგრესირებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების პროგრესირება 40 წლის ასაკამდეც აღინიშნება.

  • როგორია ამ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი აჭარაში და მთელს საქართველოში

კერატოკონუსის საერთაშორისო ფონდის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით დაავადება 1000-დან 3-5 ადამიანში გვხვდება. საქართველოში ამ დაავადების ენდემურ კერად შავიზღვისპირეთის რეგიონი მიიჩნევა.

  • რატომ მიიჩნევა ამ დაავადების გავრცელების კერად შავიზღვისპირეთი, თუ არის ცნობილი ამ მიზეზის შესახებ

ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ისეთი გარემო რისკ-ფაქტორები, როგორიც არის ნოტიო ჰავა და შედარებით მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კერატოკონუსის განვითარებაში.

  • როგორ მკურნალობენ კერატოკონუსს?

კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და ის მხოლოდ ქირურგიულია. დაავადების I-II სტადიებზე მიზანშეწონილია რქოვანას „ქროს-ლიქინგი“ (რქოვანას ქსოვილებზე ულტრაიისფერი ლაზერული სხივით ზემოქმედება),  II-III  სტადიებზე  – რქოვანას სისქეში რკალების იმპლანტაცია, ხოლო IV სტადიაზე –  შორსწასულ შემთხვევაში, როდესაც თხელი (400 მიკრონზე ნაკლები სისქის) რქოვანას გამო ზემოთ აღნიშნული მეთოდები არ გამოიყენება, რჩება ერთადერთი გზა – რქოვანას შრეობრივი ან გამჭოლი გადანერგვა.

ყველა ზემოთ ნახსენები ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში, უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, რის შედეგად პაციენტი განაგრძობს ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას.

რაც შეეხება მკურნალობის საფასურს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დაავადების სხვადასხვა სტადიაზე გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, მათი ღირებულება შესაბამისად განსხვავდება.

კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროგრესირების შესაჩერებლად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ამრიგად, თუ მხედველობის დაქვეითების მიზეზი კერატოკონუსია, სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი თვალის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ მკურნალ ექიმთან და/ან ქირურგთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის შერჩევის თაობაზე.

თვალის კლინიკა „ოკულუს მედში“ უფასო სკრინინგის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 577-355-080. მისამართი: ბათუმი, 9 მარტის 10, თვალის კლინიკა „ოკულუს მედი“

____________

ფოტოზე: მერაბ დვალი. ფოტო: geodoc.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: