მთავარი,სიახლეები

პეტრას ციხესთან დაკავშირებით „ბათომი“ პრემიერ გახარიას მიმართავს

01.11.2019 • 2028
პეტრას ციხესთან დაკავშირებით „ბათომი“ პრემიერ გახარიას მიმართავს

საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლთან დაკავშირებით, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პეტრა-ციხისძირის შემდგომი ბედი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და არქეოლოგიური ობიექტების არეალს სასწრაფოდ უნდა მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი.

ბათომის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენდამი გამოგზავნილ მიმართვაში (07 ოქტომბერი, 2019 წელი) გწერდით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ციხისძირში, მდებარე პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელოვანი მეცნიერული ღირებულებისა და იმ რისკების შესახებ, რაც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ამ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს ემუქრება.

ეროვნულმა სააგენტომ ჩვენი წერილის პასუხად გვაცნობა, რომ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიურ ძეგლს (და არც მის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროს) ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული არქეოლოგიური ზონის სტატუსი, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე (05.02.2019, სარეგისტრაციო კოდი – 010250050.35.131.016284; https://matsne.gov.ge/ka/document/view/4492454?publication=0) ეს ტერიტორია  მონიშნულია, როგორც არქეოლოგიური დაცვის ზონა (ფორმულირება/ტერმინოლოგია შესაძლოა არაზუსტია, თუმცა დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საკრებულომ იცის, რომ ეს არის მაღალი არქეოლოგიური პოტენციალის მქონე არეალი, სადაც არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგად გამოვლენილია არაერთი არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა გამოვლენა, სხვათა შორის, ახალმშენებლობლობებთან იყო დაკავშირებული). ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არ არის სათანადო/საჭირო/სასურველი კოორდინაცია (აქვე დავსძენთ, რომ მთელს ამ ტერიტორიას გასული საუკუნის 80–იან წლებში მინიჭებული ჰქონდა არქიტექტურულ–არქეოლოგიური ნაკრძალისა და დაცული ტერიტორიის სტატუსი).

გამომდინარე იმ რისკებიდან, რომლის წინაშეც წლებია დგას პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობა (განსაკუთრებით ბობოყვათის სანაპირო ზოლი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა მესაკუთრის ხელში ექცევა), მოვითხოვთ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ობიექტების გავრცელების არეალისათვის (ციხის ტერიტორიიდან ჩრდილოეთით საპატრიარქოს კუთვნილი ტერიტორიის ჩათვლით) არქეოლოგიური ზონის სტატუსის სასწრაფოდ მინიჭებას, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა–ძიება (მათ შორის ახლად გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი: საკადასტრო კოდი – 20.42.09.422) და საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების მოვლა–პატრონობა.

ასევე, ძალიან სასურველია/აუცილებელია, მოეწყოს საჯარო შეხვედრა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება და ჩვენს კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ, რათა უფლებამოსილმა პირებმა მოგვცენ გარანტიები, რომ აღნიშნული ტერიტორია დაცული იქნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონვენციების მიხედვით და არქეოლოგებს მიეცემათ მისი შესწავლის საშუალება“.

____

ბათომის“ მიმართვის ადრესატები არიან: პრემიერი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ზაურ ახვლედიანი, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: