მთავარი,სიახლეები

რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

01.11.2019 • 2414
რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს.

ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა  იმართება USAID-ის პროექტის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG). 30 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ჯეისონ, რა საფრთხეს ხედავთ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეგულაციების დაწესებას. სამოქალაქო სექტორმა, ცენზურის ამოქმედების მოტივით, ეს პროცესი შეაფასა, როგორც „ნაბიჯი უკან“. 

როცა სიძულვილის ენის რეგულირებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების და თანასწორობის საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება. საინტერესოა, ამ რეგულირებით ხომ არ ვაზიანებთ გამოხატვის თავისუფლებას? სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა სხვადასხვა რამეს  ნიშნავდეს. რეგულაციების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანმა პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით აღარ ილაპარაკოს საერთოდ ან მართლაც დაეკისროს პასუხისმგებლობა.

მედიისთვისაც ანალოგიურია ეს საფრთხე: მედიამ შესაძლოა თვითცენზურა აამოქმედოს. ეს აძლევს ბერკეტს ხელისუფლებას, რომელი გამოსვლა დაუშვას, რომელი – არა. ამით ხელისუფლებას აძლევ საშიშ ბერკეტს. შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანია გამიჯვნა, ნათქვამი უბრალოდ შეურაცხყოფაა, თუ ეს უბიძგებს ადამიანებს გარკვეული, რადიკალური ქმედებებისკენ.

  • თვითრეგულირების ნაცვლად სახელმწიფო რეგულაციები – ეს არის მთავარი საფრთხე?

მე შემიძლია გესაუბროთ ამერიკული გამოცდილების შესახებ. ჩვენ არ ვარეგულირებთ მსგავს გამოსვლებს, რომელიც არის არაეთიკური. ჩვენ  მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რეგულირებას ვახდენთ, ანუ, მაგალითად, ისეთი მოწოდებების, რომელიც არაკანონიერი ქმედებებისკენ მოუწოდებს ვინმეს, იწვევს მყისიერ არეულობას, ან ამ არეულობის საფრთხეს ქმნის. ამ დროს, ამ ტიპის დავებში, ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტი და ზიანი – რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ქმედებამ.

  • მინდა გკითხოთ ერთ საქმეზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ახლა განიხილავს. სარჩელის ავტორები არიან პირები, რომლებიც პორნოგრაფიის გავრცელებისთვის დასაჯეს. მათ მიაჩნიათ, რომ კანონის ჩანაწერი პორნოგრაფიის შესახებ ბუნდოვანია. იმავე კანონით, მაგალითად, შსს-მ შეზღუდა გასპარ ნოეს ცნობილი ფილმის – „სიყვარულის“ ჩვენებაც. 

ეს რთული საკითხია, რადგან სხვადასხვა რეგულაცია არსებობს. შეერთებულ შტატებში კანონით განსაზღვრული „უხამსი საქციელი“ ძირითადად მიემართება მხატვრულ ლიტერატურას და ფილმებს. უხამსად უნდა მიიჩნიონ ის პროდუქტი, სადაც მხოლოდ ვნებაა აღწერილი და მას სხვა სოციალური ღირებულება არ აქვს. რეალურად, შეერთებულ შტატებში ეს მკვდარი ნორმაა, რადგან არ არსებობს ბოლო წლებში ადამიანი, ვინც ამისთვის დასაჯეს, ან „უხამსი საქციელის“ შემცველი წიგნი, ან ფილმი აკრძალეს. აკრძალვები შეეხება მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიას, რაც მკაცრად კრიმინალიზებულია და ასევე, მოზარდების წვდომას ამ ტიპის მასალებზე. სამაუწყებლო კომპანიებს ასევე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი შინაარსის ფილმი გვიან ღამით უნდა გაუშვან.

  • რატომ არ დაუსჯიათ არავინ: განმარტებაა ბუნდოვანი, ამ მუხლით არავინ დაუკავებიათ, თუ სასამართლოს მიდგომაა ლიბერალური? 

არსებობს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის – სტიუარტის ცნობილი გამონათქვამი – რთულია თქვა, რა არის უხამსი საქციელი, მაგრამ როცა დაინახავ მას, იცი, რომ ის უხამსობაა. სამოციან წლებში ხშირად განიხილავდნენ ამერიკელი მოსამართლეები წიგნებს და ფილმებს, სადაც შესაძლოა ყოფილიყო უხამსი საქციელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდათ ერთიანი მიდგომა, ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამდა ამას. მოსამართლეები საერთო განმარტებამდე ვერ მივიდნენ. ამას მიჰქონდა დიდი დრო და ენერგია. რეალურად, მოსამართლის დრო სხვა რამეში უნდა დაიხარჯოს.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნუგზარ სხირტლაძემ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუკი იგი სხვის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. ის არაა გამონაკლისი, ვინც ასე ფიქრობს. თქვენი აზრით და დასავლური სტანდარტით, ეს მოსამართლის შეფასებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ არსებობს რაიმე სტანდარტი? 

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნება, თავად მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი, მოქალაქეებმა თქვან, რა არის მათთვის შეურაცხმყოფელი და რა – არა. არ ვეთანხმები იმას, რომ სახელმწიფომ ცენზურა დააწესოს ამ კუთხით.

  • კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეხება – ცილისწამება, რომლის დასჯადობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა. 

არსებობს ცნობილი საქმე „ნიუ იორკ თაიმსი საივანის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ დაადგინა მაღალი სტანდარტი ამ კუთხით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დეფამაციის [განზრახ ან უსაფუძვლო ზიანის მიყენება სხვა პირის სახელისა და რეპუტაციისათვის წერილობით ან ზეპირად არსებითად მცდარი ცნობების გავრცელების გზით] დასადასტურებლად საჭიროა გაირკვეს, რამდენად იყო გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი, ასევე რამდენად სერიოზული ზიანი მიადგა მხარეს და იყო თუ არა ეს განზრახ. სასამართლომ ასევე თქვა, რომ დეფამაციისთვის, როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება არის ძალიან საშიში გამოხატვის თავისუფლებისთვის, რადგან ეს ძირითადად საჯარო მოხელეებს ეხება. მსგავსი რეგულაციების შემოღებაზე, როგორც წესი, საუბრობს ის, ვინც კრიტიკის საგანია. რამდენიმე შტატში დეფამაცია არის მცირედით მაინც კრიმინალიზებული, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მისი გამოყენება პოპულარული არ არის.

  • სად გადის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი? მაგალითად, გასულ წელს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამოქალაქო აქტივისტ ზვიად კუპრავას. მან სასამართლოს სასადილოში მოსამართლეს შეაგინა. 

მსგავსი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციით იქნებოდა დაცული, თუკი ეს სხდომათა დარბაზში არ მოხდა და იყო სასადილოში. ამერიკული კანონმდებლობით, მოქალაქე მხოლოდ სამოქალაქო წესით დაისჯებოდა, თუკი ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფდა ან შეაგინებდა მოსამართლეს.

  • საინტერესოა კიდევ ერთი შემთხვევა სასამართლო დარბაზში გამოხატვის თავისუფლების კუთხით: თბილისის საქალაქო სასამართლოში არ შეუშვეს აქტივისტები, რომლებსაც მაისურებზე ჰქონდათ წარწერა: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს“. 

ამ შემთხვევაში სტანდარტი არის განსხვავებული იმის მიხედვით, თუ სად აცვიათ ეს მაისური: სასამართლოს შენობის გარეთ, შიგნით თუ სხდომათა დარბაზში. რეალურად ამერიკელი მოსამართლე გაითვალისწინებდა იმას, თუ რამდენად შეეძლო ამ ადამიანების ყოფნას არეულობის გამოწვევა სხდომათა დარბაზში. მოსამართლეს მოუწევდა, განეხილა ეს საკითხი და შესაბამისი დასაბუთება ეთქვა ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუშვებდა სხდომათა დარბაზში. შესაძლოა, ასევე, პრობლემა ყოფილიყო, თუკი საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ და წარწერებს რეალურად გავლენა მოეხდინა მსაჯულებზე. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებდა.

  • როგორია თავად მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი. საქართველოში მხოლოდ იმ რამდენიმე მოსამართლეს ვხედავთ ეკრანებზე, რომლებსაც სისტემის შიგნით „ლიდერად“ მოიხსენებენ. 

მოსამართლეები ამერიკაში და განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩანან კამერების წინ. აქ, უბრალოდ, ორი საკითხია: სამართლებრივი და ეთიკური. მოსამართლეები არ საუბრობენ იმ საქმეების დეტალებზე, რომლებიც თავად განიხილეს, თუმცა შესაძლოა, მოსამართლემ თქვას, რომ სასჯელის ზომას, რაც კანონით განსაზღვრულია და მან კონკრეტულ საქმეზე გამოიყენა, არ ეთანხმება. მოსამართლეები მონაწილეობენ საჯარო დებატებშიც, სადაც სამართლებრივ პოლიტიკას განიხილავენ, გამოხატავენ საკუთარ აზრს. რეალურად, ყველაზე ხშირად პენსიაში გასული მოსამართლეები ლაპარაკობენ საჯაროდ სხვადასხვა თემაზე.

  • თქვენ მუშაობთ საზოგადოების დარწმუნების კუთხით, როგორც მეცნიერი და ჩართული იყავით აშშ-ს წინასაარჩევნო კამპანიებში. თქვენი აზრით, რა იქნება ტრამპის და მისი კონკურენტების მთავარი გზავნილები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე? 

ის, რაც ყველა არჩევნებზეა: ოპონენტები ისაუბრებენ ძირითადად არსებული პრეზიდენტის პოლიტიკაზე, მას გააკრიტიკებენ, თავად ტრამპის გზავნილები კი შეეხება როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებს, ასევე ოპონენტების რესურსებს. ყველაზე აქტუალური ისევ იქნება ეკონომიკა და თემა – როგორ აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე, მეორე საკითხი, რაზეც ყველაზე დიდი ინტერესია, არის ჯანდაცვა. აქტუალური იქნება ასევე უსაფრთხოების საკითხები და ის, თუ რა ადგილი ექნება შეერთებულ შტატებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

  • როგორ მუშაობს კომუნიკაციის სისტემა შეერთებულ შტატებში? რა ბერკეტი აქვს ამერიკელ მოქალაქეს, რომ ის კანდიდატმა არ მოატყუოს ცრუ დაპირებებით?

პოლიტიკოსები ჩვენთანაც გასცემენ დაპირებებს, რომლებიც ვერ სრულდება, მაგალითად, გახსოვთ ტრამპის დაპირება მექსიკის კედელთან დაკავშირებით. ობამასაც ჰქონდა დაპირება ჯანდაცვის პროგრამებზე, რაც სრულად ვერ განხორციელდა, თუმცა მოქალაქეებისთვის ეს ყველაფერი გაკვეთილია. პოლიტიკოსებმა იციან, რომ მათ ამომრჩეველი დასჯის, თუკი დაპირებებს ვერ ან არ შეასრულებენ, მაგალითად, ბუში დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ გადასახადებს არ გაზრდიდა, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემა შეიქმნა ბიუჯეტში, რომ გადასახადები მაინც გაზარდეს. ბუშმა სცადა ამის ახსნა, მაგრამ ის აღარ აირჩიეს.

მეორეცაა – ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო დებატების კულტურა, რაც არაგონივრული და ცრუ დაპირებების გაცემას ზღუდავს. წინასაარჩევნო დებატებში კანდიდატები ძირითადად წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებში ლავირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: