მთავარი,სიახლეები

92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ

30.10.2019 • 2733
92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ

92 წლის ტატიანა ჩიჩუას სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობა მოუხსნა. მარტოხელა მოხუცი ძველ ბათუმში ცხოვრობს, სხვის სახლში – ოთახის მესაკუთრე მას ქირას არ ახდევინებს. ჰყავს დისშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

„მეცხრე სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ რეჟისორი ზაზა ხალვაში, ლევან ბერძენიშვილი – გენიოსი ბიჭია. რენე თანდილავა – ქირურგია. დამსახურებული პედაგოგი ვიყავი. ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩემი მოსწავლე. ძალიან ვუყვარდი ყველას, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ მარტო ვარ,“ – შორიდან იწყებს ტატიანა ჩიჩუა თავისი ამბის მოყოლას.

ტატიანას ერთადერთი შემოსავალი 200 ლარია, პენსია, რომელსაც ის სახელმწიფოსგან იღებს.

სოციალური დახმარება ოთხი წლის წინ მოუხსნეს. მიზეზი არ განუმარტავთ, წლების მანძილზე ვერც თავად გაარკვია.

„წონასწორობის დაცვა მიჭირს. იქ (სოციალური მომსახურების სააგენტოში) მისვლის და გარკვევის ძალა არ მქონდა. ახლახან მეზობელი დამეხმარა და ის მივიდა ჩემ ნაცვლად. ვნახოთ, რა იქნება, დამინიშნავენ თუ არა დახმარებას, არ ვიცი,“ –  ამბობს ტატიანა.

პენსიას აღებისთანავე ანაწილებს და თვის ბოლომდე ინახავს. ამბობს, რომ საშუალოდ 20-30 ლარი სჭირდება წამლებისთვის, რომელსაც რეგულარულად იღებს.

„ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, დღეს რომ დავხარჯო, ხვალ რა ვჭამო. მიუხედავად იმისა, რომ გურმანი ვარ და ძალიან კარგი ჭამა მიყვარს, მაშინვე ვერ დავხარჯავ. ჩაის ვსვამ ხშირად, განსაკუთრებით მიყვარს –  ჩაი, პური და ყველი. დანარჩენი, რასაც ეყოფა, იმას ვყიდულობ ხოლმე,“ – გვიყვება ტატიანა ჩიჩუა.

ტატიანას კომუნალურ გადასახადებს მეზობელი უხდის. სწორედ მან გაარკვია, რომ ერთ-ერთი შემოწმებისას სოციალურმა აგენტმა ტატიანას 72 ათასი ქულა დაუწერა. სოციალურ დახმარებას კი მხოლოდ ის მოქალაქეები იღებენ, რომელთა ქულაც 65 ათასზე ნაკლებია. მეზობლის დახმარებით ტატიანამ განცხადება 6 სექტემბერს დაწერა და სოციალური დახმარების დანიშვნა მოითხოვა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს.

„თუ 6 სექტემბერს აქვს დაწერილი განცხადება, გადაამოწმებენ, ქულა დაეწერება და თუ მიიღებს საჭირო ქულას, დაენიშნება. 65 ათასამდე ქულას ვინც იღებს, ნებისმიერს დაენიშნება,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: