მთავარი,სიახლეები

პოეზია, სკოლა და ნოსტალგია – შეხვედრა ქეთევან გიორგაძესთან საჯარო ბიბლიოთეკაში

29.10.2019 • 2309
პოეზია, სკოლა და ნოსტალგია – შეხვედრა ქეთევან გიორგაძესთან საჯარო ბიბლიოთეკაში

პოეზია, მუსიკა და შეკითხვები – დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ბათუმელ პოეტთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ქეთევან გიორგაძესთან შეხვედრა ხალხით სავსე დარბაზში გაიმართა.

ქეთევან გიორგაძის საღამო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

ქეთევან გიორგაძე არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ურიტმო ფიქრები“, „ეჰეი უპოვარნო“, მისი ლექსები შედის ასევე კრებულში – „ძოწისფერი გვირილები“. დღეს მან შეხვედრაზე მოსულ პუბლიკას საკუთარი ლექსები წაუკითხა და შეკითხვებსაც უპასუხა, ძირითადად – პოეზიასა და მასწავლებლის პროფესიაზე.

„ჩვენ ვიყავით თაობა, რომელიც ეძებდა სამშობლოს“ – აღნიშნა ქეთევენ გიორგაძემ გასული საუკუნის 90-იანი წლების გახსენებისას, როცა თავად ახალბედა მასწავლებელი იყო, მის მოსწავლეებს კი მიტინგებზე წასასვლელად მიუწევდათ გული. მაშინ ქეთევან გიორგაძე ბათუმის მე-6 სკოლაში ასწავლიდა, რუსთაველის ქუჩაზე.

„ის სკოლა დაანგრიეს. თავშეყრის ადგილი იყო, მწვანე სკოლა დავარქვი, რადგან ახლოს იყო ბათუმის ბულვარი და პარკი. ისე, სულ მიკვირდა, რატომ ღებავენ სკოლებს მუქად… იქ იყო თავისუფალი სივრცე… სამშობლო იყო ჩემთვის ის სკოლა რუსთაველის ქუჩაზე, ბავშვები, ჩემი მოსწავლეები, ოჯახი…“ 

ქეთევან გიორგაძე ახლაც მეექვსე საჯარო სკოლაში ასწავლის, თუმცა სკოლამ მისამართი უკვე დიდი ხანია შეიცვალა.

კითხვაზე, ჯერ პოეტია თუ მასწავლებელი, ქეთევან გიორგაძემ ასე უპასუხა:

„ამ ბოლო დროს უფრო მასწავლებელი, მაგრამ პოეტი მასწავლებელი. ზოგადად, მასწავლებლობა ითხოვს ძალიან დიდი ენერგიას ადამიანისგან, ბევრი რუტინა გაჩნდა და რასაც ვაკვირდები, უკვე ფორმა ჭამს შინაარსს ამ პროფესიაში“.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკის სივრცე გამოყენებული იქნას შეხვედრებისა და ახალგაზრდული ინიციატივებისთვის:

„თავის დროზე აქ ჩავატარეთ მერაბ კოსტავას საღამო, ზურაბ წერეთლის საღამო… აუცილებელია საჯარო ბიბლიოთეკაში ხდებოდეს ბევრი საინტერესო რამ, რომ ბიბლიოთეკა და წიგნები ცალკე არ იყოს და ეს ახალგაზრდები – ცალკე.

შეხვედრას ქეთევან გიორგაძის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მასწავლებლის რამდენიმე ლექსი წაიკითხეს.

ქეთევან გიორგაძის საღამო

გადაბეჭდვის წესი