მთავარი,სიახლეები

„ხანუმა“ და კიდევ 16 ძველი ფილმი დღეს საქართველოში ბრუნდება

27.10.2019 • 2067
„ხანუმა“ და კიდევ 16 ძველი ფილმი დღეს საქართველოში ბრუნდება

დღეს, 27 ოქტომბერს, რამდენიმე საათში, რუსეთიდან საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ ფილმებს შორისაა სურათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20 – იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ. საქართველოს განათლების სამინსიტროს ცნობით, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

  • „მათი სამეფო“ (1928) – რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
  • „ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927); „ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
  • „გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • „ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
  • „გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
  • „იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
  • „ნორჩი მფრინავი“ (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
  • „ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
  • „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
  • „ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
  • „საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
  • „მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

სამინისტროს ცნობით, „მონანიების“ ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში – Cannes Classics, რომელიც კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა. „მონანიების“ ჩვენება საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო კანის კინოფესტივალზე ვერ ხერხდებოდა.

„გოსფილფოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს“ – აღნიშნულია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: