ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

28.10.2019 • 1563
ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში, ცეცხლაურის მშენებარე სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად გაზრდილია და 2 042 887 ლარია.

წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1 855 739 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში გზის მოსაწყობად ყველაზე დაბალი შეთავაზება 1 587 483 ლარი იყო.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება. სამუშაო  კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა შესრულდეს.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ, საჭირო გახდა დაპროექტებული გზის მიერთების მოწყობა ახალაშენებულ საავტომობილო გზასთან.

პროექტის მიხედვით, ახალ სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების სიგრძე ჯამში 996 მეტრია: „ქობულეთის შემოსავლელ გზაზე გათვალისწინებულია ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების მოწყობა შესაბამისად 100+80 და 180+80 გრძივი მეტრით, რისთვისაც საჭიროა მიწის ვაკისის გაგანიერება 1-2 მეტრით. გაგანიერების მცირე სიგანიდან გამომდინარე გათვალისწინებულია მიწის ვაკისის გაგანიერება გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობით მიწის ვაკისის ორივე მხრიდან სიმაღლით 2 მეტრი.

ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლებიდან საპროექტო გზის მიერთებამდე გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა გზის ორივე მხრიდან სიგრძით 524+472 მეტრი, სადაც პანდუსების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია წრიული კვანძის მოწყობა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გზის აღჭურვა დამატებითი სტანდარტული საგზაო ნიშნებით და საფარის მონიშვნა“.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი სოფიო ანანიძეა. მისი ხელფასი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის ივნისის ბრძანებით, 2900 ლარით განისაზღვრა. ანანიძის წინამორბედის, გია ხალვაშის ხელფასი კი, 2500 ლარი იყო.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, ანუ ყოფილი „ჰიგიენა 2009“, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ახორციელებს. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში სასამართლომ, 2017 წლის მაისში, კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.

დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი? – ამ კითხვაზე თავის დროზე „ბათუმელებს“ პასუხი არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა და არც „ჰიგიენა 2009“-მ.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ დროულად ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლების განმავლობაში ვალდებულების საკომისიოს იხდიდა.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაგავსაყრის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. რაც შეეხება გზის მშენებლობას, რაზედაც ტენდერია გამოცხადებული, საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

მთავარი ფოტო: ნაგასაყარის მშენებლობა ცეცხლაურში / „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: