მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

24.10.2019 • 4066
კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის მერია გეგმავს მახინჯაურის სანაპირო ზოლთან ახლოს, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადების დავალება მისცეს კომპანიას, რომელსაც ჯერ ეს ნაკვეთი არ უყიდია. როგორც მერია განმარტავს, ამ ნაკვეთის შესყიდვას კომპანია „აპირებს“ [სავარაუდოდ იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილი მშენებლობისთვის ყველა საჭირო დოკუმენტს მიიღებს].

შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ მალიშევმა 2019 წლის 24 ივნისს დააფუძნა და კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. რუსეთის მოქალაქეა კომპანიის დირექტორი ალექსანდრ ჩერედნიჩენკოც.

შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფისთვის“ დავალების მიცემის მიზნით, გენგეგმის მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე მერიამ განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა და დასამტკიცებლად  ბათუმის საკრებულოს გადაუგზავნა. კომპანიას მერიაში უკვე წარდგენილი აქვს წინასაპროექტო კვლევა.

საპროექტო ტერიტორია

„საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“ ბათუმში, მახინჯაურის  სანაპირო ზოლში [თამარ მეფის I შესახვევი N4დ] გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე [საკურორტო-სარეკრეაციო ზოლი] სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, პროექტი სამ მაღლივ შენობას აერთიანებს. მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას  მშენებლობა აქვს დაგეგმილი, ძეგლის დაცვის ზონაშია.

მახინჯაურში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის რენდერი

ორი საკადასტრო ერთეული, რომლის ყიდვასაც ამ ადგილზე მასშტაბური მშენებლობის მიზნით შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“ გეგმავს, ჯამში, 5000 კვ.მ-მდე ტერიტორიას აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევაში მითითებულია იმის შესახებაც, რომ კომპანია არ ითხოვს კ2 კოეფიციენტის გაზრდას. პროექტი 12-11 და 10-სართულიან შენობებს აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევის მიხედვით, სამშენებლო 2000 კვადრატულ მეტრ ფართობს აითვისებს.

მერიის ინფორმაციით, ამ ადგილზე კომპანია აპირებს მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, სასტუმრო აპარტამენტები, საცურაო აუზი, კაფე-რესტორანი, მრავალფუნქციური ობიექტის ეზოში კი პარკინგს მოაწყობენ.

მერიის ინფორმაციით, ნებართვის მიღების შემთხვევაში, კომპანია სამშენებლო სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს და 2023 წელს დაასრულებს, მშენებლობისას საქართველოს არანაკლებ 200 მოქალაქეს დაასაქმებს, ხოლო პროექტში 14 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: