ბათუმი,მთავარი,სიახლეები

არაეკონომიური ხარჯი აჭარის ბიუჯეტიდან და ნიორი წალკაში – აუდიტი პროგრამის არაეფექტურობაზე

22.10.2019 • 1637
არაეკონომიური ხარჯი აჭარის ბიუჯეტიდან და ნიორი წალკაში – აუდიტი პროგრამის არაეფექტურობაზე

სახელმწიფო აუდიტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნივრის პროგრამის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, 2018 წელს, ბიუჯეტიდან 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილოა, ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს, რადგან ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე“.

2018 წლისთვის განისაზღვრა 48 000 კგ „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სარგავი მასალის შესყიდვა. შესყიდვის განხორციელებას და ბენეფიციარების შერჩევას, შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, ახორციელებდა ა(ა)იპ − აგროპროექტების მართვის ცენტრი. სარგავი მასალა ბენეფიციარებზე გაიცემოდა შესყიდული საქონლის სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის გადახდის პირობით. შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით: „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე განისაზღვრა 528 812 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე [სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა წინა წლის თებერვალ-მარტის ფასების გათვალისწინებით]. ტენდერში ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში გაიმარჯვა შპს „ქართულმა მოცვმა“, რომლის შეთავაზებულმა ფასმა დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 620 208 ლარი.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სრულმა დანახარჯმა აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე შეადგინა 440 774 ლარი. შესაბამისად, ფასნამატმა შეადგინა 40.7% [179 433.8 ლარი]. ზემოაღნიშნული მკაფიოდ მიუთითებს შესყიდვის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რამაც ბიუჯეტიდან არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია“.

აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან ნიორზე ბენეფიციარების მხრიდან მოთხოვნა მინიმალური იყო, აგროპროექტების მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ნივრის სარგავი/სათესლე მასალა ბენეფიციარებზე გაიცა თანაგადახდის თანხის მოსავლის აღების შემდეგ, 2019 წლის 20 აგვისტომდე გადახდის პირობით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, 222 ბენეფიციარის კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 201 491 ლარს [გადახდილი იყო მხოლოდ თანაგადახდის მთლიანი თანხის 11%].

„აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ქვეპროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულმა მნიშვნელოვანმა ხარვეზებმა, კერძოდ, მოსალოდნელი შედეგების შესწავლისა და შეფასების გარეშე ქვეპროგრამის დაგეგმვამ და შესყიდვის ეტაპზე ბაზრის ფორმალურმა კვლევამ, ბიუჯეტიდან არაეფექტიანი ხარჯი გამოიწვია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: