მთავარი,სიახლეები

ორმაგი სტანდარტი – როდის არ ასრულებს ბათუმის მერია სასამართლო გადაწყვეტილებას

17.10.2019 • 2269
ორმაგი სტანდარტი – როდის არ ასრულებს ბათუმის მერია სასამართლო გადაწყვეტილებას

ძველ ბათუმში, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ისტორიული სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად ახალი ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე თანხმობა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნა: „სასამართლომ დაგვავალდებულა“, თუმცა  სხვა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქმის იდენტურ საკითხზე, მერიისთვის სერიოზული განხილვისა და გადაწყვეტილების საფუძველი ვერ გახდა.

მოქალაქემ მერიის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვერ მიიღო, მან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე პროკურატურასაც მიმართა და პასუხი ჯერ არც ამ უწყებიდან მიუღია.

მოქალაქე თემურ კაკაბაძე კვარიათში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, სამსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვდა და როგორც თვითონ ამბობს, პირველი ეტაპი შეთანხმებული ჰქონდა კიდეც, თუმცა მერიაში სამშენებლო დოკუმენტები შეთანხმების სამ ეტაპს გადის და შემდეგ ეტაპზე მას უარი უთხრეს.

პროექტის რენდერი

უარის მიზეზად ბათუმის მერიამ ზონის სტატუსი დაასახელა. 1100 კვადრატული მეტრი ფართობი ანდრია პირველწოდებულის #99-ში, სადაც თემურ კაკაბაძე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვს, საკურორტო სარეკრეაციო ზონა 2- ს მიეკუთვნებოდა, სადაც ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილებით, რაც ბათუმში ქალაქმშენებლობის წესებს არეგულირებს, მხოლოდ გასართობისა და დასასვენებელი ობიექტების მშენებლობაა დაშვებული.

სასამართლომ, იმ მოტივით, რომ მაშინ, როცა მოქალაქემ ამ ადგილას სამშენებლო პროექტის პირველი ეტაპი შეათანხმა, ტერიტორია საცხოვრებელ ზონას წარმოადგენდა, მერიის გადაწყვეტილების ბათილობა მოითხოვა და დაავალდებულა მერია გამოეკვლია გარემოებები ახალი აქტის გამოსაცემად.

                                                                           ამონარიდი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:

თემურ კაკაბაძის თქმით, მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა: „მომთხოვეს ახალი პროექტი შემოიტანეო. რატომ უნდა შემეტანა ახალი პროექტი, სასამართლომ მერია დაავალდებულა, შეისწავლე ეს კონკრეტული საქმე და მიიღე გადაწყვეტილებაო.“

მერიაში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს და თემურ კაკაბაძისთვის უარი არ უთქვამთ, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის აგვისტოში მიიღო და მოქალაქეს ამ დრომდე არც დადებითი პასუხი და არც დასაბუთებული უარი არ მიუღია.

თემურ კაკაბაძე

ამის  პარალელურად მერიამ, სარეკრეაციო ზოლში, პლაჟის დაბოლოებაზე ნებართვა მისცა შპს „კვარიათი რეზიდენსს“  შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. კომპანიამ უკვე დაიწყო სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები. ეს სასტუმრო კვარიათში კიდევ ერთი მრავალსართულიანი პროექტის გვერდით შენდება, რომელთან დაკავშირებითაც, მოსახლეობამ მერიას საჩივრითაც მიმართა. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განმარტა, რომ პროექტის ნებართვაზე ხელი უკვე მოწერილი იყო და მისი შეჩერება არ შეეძლო, ამჯერად კი ნებართვის გაცემაზე კვარიათის სარეკრეაციო ზოლში შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ხელი თავად ლაშა კომახიძემ მოაწერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: