მთავარი,სიახლეები

მაჭახლის ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი და ახალი შენობები ჩხუტუნეთში – კონკურსი პროექტზე

11.10.2019 • 3841
მაჭახლის ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი და ახალი შენობები ჩხუტუნეთში – კონკურსი პროექტზე

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში დაგეგმილია მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, ხოლო სოფელ ზედა ჩხუტუნეთში – სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. ზედა ჩხუტუნეთში არსებული „კულტურის სახლი“ დაიშლება და ახალი, თანამედროვე საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ობიექტი აშენდება; დაიშლება სოფლის ცენტრში განთავსებული შენობებიც და ახალი სავაჭრო-მომსახურების ობიექტები აშენდება. სამუშაოები მაჭახლის ეთნოსოფლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.

სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის, ასევე, ზედა ჩხუტუნეთის კულტურის სახლისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 110 100 ლარია.

არაუგვიანეს 2020 წლის 24 თებერვლისა, კონკურსში გამარჯვებულმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს არქიტექტურული პროექტი შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ელექტრონულ კონკურსში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 23 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა მაჭახელის ხეობის ეთნოსოფლის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, წინასაპროექტო კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული ხედვის ნაწილები. ხედვის მიზანია მაჭახლის სოფლების და მთლიანად რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და სწორედ ამ მიზნით დოკუმენტის დონეზე შემუშავდა კონკრეტული ობიექტების, ადგილებისა და კომპლექსების განვითარების ესკიზური პროექტები. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის ადგილმდებარეობასთან შესაბამისობა, მაჭახელის ხეობის კულტურული ლანდშაფტის, ბუნებრივი გარემოს და ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურის ხასიათის დაცვა, მისი ხაზგასმით… კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობის გაწევა უზრუნველყოს დამატებითი ანაზღაურების გარეშე“, – აღნიშნულია კონკურსის ტექნიკურ დავალებაში.

 

ჩხუტუნეთის სოფლის ცენტრის საერთო ხედი / არსებული სიტუაცია და ესკიზი / „სოფელ ჩხუტუნეთის ცენტრში არსებული ამორტიზებული ერთსართულიანი საზოგადოებრივი ობიექტების ნაცვლად, მიზანშეწონილია კონკურსანტმა დააპროექტოს მაქსიმუმ ორსართულიანი საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები. ჩხუტუნეთის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი გულისხმობს მოედნის საფეხმავლო და საავტომობილო ნაწილების გამიჯვნას, კომერციული მომსახურების არსებული შენობების დემონტაჟისა და ახალი სავაჭრო-მომსახურების შესაბამისი იერსახის ობიექტების მშენებლობას,
მოედნის სხვა ელემენტების მაგ. ავტოსადგომის, გაჩერების და სხვა წარმოქმნას“ – ამონარიდი  საკონკურსო დავალებიდან.

 

არსებული კულტურის სახლის შენობა [ზემოთ] და რეკონსტრუქციის ვარიანტები [ქვემოთ] – ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან

მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის [საინფორმაციო] ვიზიტორთა ცენტრი სოფელ აჭარისწყალში / ესკიზი / „ვიზიტორთა ცენტრის მიზანია მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლით მაქსიმალურად მეტი ტურისტის ინფორმირება და დაინტერესება, ეთნოსოფლის მართვა და დაგეგმილი განვითარება“ – ამონარიდი კონკურსის დოკუმენტებიდან

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფციის შესამუშავებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. გეგმა-კონცეფციის შედგენაზე კონკურსი სამინისტრომ 2018 წელს გამოაცხადა.

ხელშეკრულება კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] გაფორმდა. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კი, სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიასთან 2019 წლის 18 ივლისს გაფორმდა.

ამ თემაზე:

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: