ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში დაგეგმილია საჯარო სკოლა-პანსიონის მშენებლობა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მომზადდა სასწავლებლის შენობის ესკიზური პროექტი, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკისა და საინჟინრო გეოლოგიის შესაბამისად უნდა მოერგოს საპროექტო ტერიტორიას.
„პროექტის კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმა გამოიწვევს არქიტექტურული პროექტის გარკვეულ ცვლილებებს. შესაძლებელია შეიცვალოს გარე კიბეების, პანდუსებისა და ცოკოლის სიმაღლე,“ – აცხადებენ სააგენტოში.
სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო თანხის დასადგენად სააგენტო ბაზრის კვლევას ატარებს. როცა, ესკიზის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტაცია მომზადდება, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი პანსიონის მშენებლობაზე.
სკოლა-პანსიონი სოფელ ვაშლოვანში არსებული სკოლის შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს.