მთავარი,სიახლეები

რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

06.10.2019 • 2645
რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბში“, რომელიც სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა.

„სახელმწიფოს მივმართეთ იმიტომ, რომ ეს ტერიტორია ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოებისთვის. მაქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. აკვატორიის მაგ ნაწილის გადმოცემა გვინდა იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული. მაგ ტერიტორიის მომიჯნავედ, მოგეხსენებათ, არის პორტის ხაზი, სადაც დიდი გემებიც მოძრაობენ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვეძლოს აქ ზღვაში მოძრაობის კონტროლი – რომელი იახტა შემოვიდეს, რომელი დაელოდოს და ა.შ. ამის დარეგულირებისთვის. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა ეს ტერიტორია ჩვენთვის უბრალოდ გადმოეცათ. ჯერჯერობით ზღვის ამ ნაწილის სარგებლობაში გადმოცემაზე სახელმწიფოსგან საბოლოო პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მიხეილ ფანჩულიძემ, „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორმა.

შპს „ბათუმის იახტ კლუბი“, შპს  „რივიერას“ ქვემოიჯარეა, რომელსაც აჭარის მთავრობის წინაშე ბათუმის იახტკლუბის განვითარების ვალდებულება აქვს აღებული.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ კი იახტკლუბის მიმდებარედ სხვა მასშტაბური პროექტის – „რივიერა ბათუმის“ განხორციელება აქვს დაგეგმილი, რომელიც ხელოვნური ყურის შექმნასაც მოიცავს იახტების მისაღებად. ეს პროექტი „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

მშენებლობის ნებართვის მისაღებად, როგორც „რივიერაში“ გვითხრეს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავთ. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებართვას „რივიერაზე“ ბათუმის მერია არ გასცემს.

ბათუმის იახტკლუბის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს. სამინისტროში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი შეთანხმებულია. ჩვენ პროექტი ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა სამინისტრომ მოგვაწოდა ის პროექტი/კონცეფცია, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარმოადგინა. ანუ, დღეს იახტკლუბის საბოლოო პროექტიც არ არის მზად.

„ამ ორ პროექტს – „რივიერა ბათუმს“ და „იახტკლუბს“ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ჩვენ მალე დავასრულებთ იახტკლუბის პროექტს და ნებართვისთვის მივმართავთ ბათუმის მერიას – ჩვენი შედარებით მარტივი პროექტია“, – გვითხრა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელიც „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.

რა თანხა დასჭირდება პროექტის განხორციელებას კომპანიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. „დაახლოებით ხარჯთაღრიცხვას როცა გვეტყვის არქიტექტორი შემდეგ გავასაჯაროებთ ღირებულებას, თუმცა მინიმუმ იმ ვალდებულებას, რაც გვაქვს ხელშეკრულებით აღებული, შევასრულებთ, ანუ ეს ინვესტიცია ჩადებული იქნება. იქ სხვა ვალდებულებებიც გვქონდა – გარკვეული სარემონტო სამუშაოები და სხვა. ნელ-ნელა ამ ვალდებულებებს ვასრულებთ“, – ამბობს მიხეილ ფანჩულიძე.

აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად  20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებულია 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

შეიცვლება თუ არა იახტკლუბის საბოლოო პროექტი, იმ პროექტთან შედარებით, რომელიც გასულ წელს იყო წარმოდგენილი? – „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორი ამბობს: „ოდნავ შეიცვლება, მაგრამ არა მგონია რადიკალურად შეიცვალოს, უბრალოდ დახვეწილი იქნება. ეს იყო მაქსიმუმი-კონცეფცია იმის, რაც მაქ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მაქედან, ასე ვთქვათ, რას ვუპასუხებთ ვნახოთ“.

დღემდე არსებული პროექტით [რომელიც არ არის საბოლოო], როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი და რა მშენებლობაა დაგეგმილი ნავსაყუდელთან, შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი
მთავარი ფოტო: ბათუმის იახტკლუბი/ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების კონცეფციიდან. ბათუმის ნავსადგურის შენობიდან მარჯვნივ, ფოტოზე ჩანს შენობა, რომელიც იახტკლუბის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს.

ამავე თემაზე:

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: