მთავარი,სიახლეები

შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

30.09.2019 • 2635
შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

მშენებლობებზე დაღუპულთა თუ დაშავებულთა სტატისტიკა ისევ მძიმეა. ასეა იმის მიუხედავად, რომ კანონი შეიცვალა, შეიქმნა შრომის ინსპექცია, მშენებარე ობიექტებზე კი, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გამოჩნდნენ… მხოლოდ 2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო. 

ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში სექტემბრიდან ამოქმედდა – შრომის ინსპექციას უკვე გაფრთხილების გარეშე შეუძლია ნებისმიერ ობიექტზე შესვლა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.

რას შეცვლის ახალი ჩანაწერები კანონში და როგორია სახელმწიფოს რეაქცია მძიმე სტატისტიკაზე?

დაღუპული მუშის ცოლი: კანონი უნდა გამკაცრდეს ისე, რომ თავად მუშასაც დაავალონ უსაფრთხოების დაცვა

„ნეტა ის დღე კალენდარში საერთოდ არ იყოს,“ – ასე დაიწყო 25 წლის ქმრის დაღუპვის ამბავზე საუბარი 21 წლის მარიამ სირაბიძემ. მისი მეუღლე – მამუკა თურმანიძე 2017 წლის 21 სექტემბერს ჩამოვარდა „მეტროსითის“ მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან. იმ დღეს მამუკასთან ერთად მეორე მშენებელიც დაიღუპა – რეზო თურმანიძე.

„მითხრეს, რომ ჩამოვარდნიდან რამდენიმე წამი იცოცხლა და მისი ბოლო სიტყვა ჩემი სახელი იყო… ამწე ჩამოვარდა, მერვე სართულზე იყვნენ, ძველი იყო და გაწყდა. მითხრეს, რომ ტვირთი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე შეიძლებოდა წესით, მაგრამ ცოცხალ ადამიანს რა უნდოდა ტვირთთან ერთად?… არ უნდა გაყოლოდა ასე ტვირთს. კომპანიაში არაფერი უღიარებიათ. მაგის შემდეგ არც პროკურატურა შეგვხმიანებია და არც გამოძიება. ჩვენ დავდიოდით კომპენსაციაზე. მე ფეხმძიმედ ვიყავი მაგ დროს, მოერიდათ ეტყობა…“ – გვიყვება მარიამ სირაბიძე.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/718664525227672/

მარიამ სირაბიძეს და მის ორ მცირეწლოვან შვილს კომპანიამ საცხოვრებელი ბინები გადასცა. კომპანია „მეტროსითი“ ასევე უხდის მარიამს ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით, თუმცა მარიამმა არ იცის, როდემდე მიიღებს ამ თანხას.

„ორი წელიც არ ვიყავით ერთად… დილით რვაზე მიდიოდა ზაფხულში, ზამთარში – ცხრაზე. საღამოს ათზე სრულდებოდა სამუშაო, მაგრამ ის დამატებით მუშაობდა, ღამის თორმეტზე მოდიოდა. პირველზეც მოსულა, ორზეც. ხელფასი დღეში 30 ლარი ჰქონდა. კვირას ისვენებდა მხოლოდ,“ – იხსენებს მარიამ სირაბიძე.

როგორ უნდა შეიცვალოს საშიში გარემო მშენებლობებზე? – კითხვის პასუხად მარიამი ამბობს, რომ ისევ ისმენს ტელევიზორიდან ამბებს მუშების დაღუპვის შესახებ. ის არ ამბობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს, ან რომელიმე კომპანის ხელმძღვანელი დასაჯონ. რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ კი, ემოციურად ამატებს:

„თავად მუშის წინააღმდეგ უნდა გამკაცრდეს კანონი… მუშამ თვითონ თუ არ მიხედა საკუთარ თავს, თვითონ თუ არ ჩაიცვა ისე, როგორც საჭიროა, სხვა ვერ იზრუნებს მასზე, რაც უნდა დაავალონ კომპანიის დირექტორს… მე ვფიქრობ, ესაა გამოსავალი,“ – დაასრულა მარიამ სირაბიძემ.

მშენებლობამდე მამუკა თურმანიძე კარ-ფანჯრებს ამზადებდა. რვა თვე ჰქონდა დაწყებული მუშაობა მშენებლობაზე, როცა დაიღუპაო, გვიყვება მამუკა თურმანიძის დედა.

რა თქვეს კომპანიაში, სადაც ორი მუშა ამწედან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა?

„ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ამწეს გაუმართაობას არ უკავშირდება მუშების დაღუპვა… ამწე პერიოდულად მოწმდებოდა. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ არასწორმა ჩასხდომამ გამოიწვია,“ – გვითხრა რაულ კახაძემ, კომპანია „მეტროსითის“ დირექტორმა.

გამოძიება ორი წლის და ერთი თვის გასვლის მიუხედავად ამ საქმეზე არ დასრულებულა. „მეტროსითიში“ აღნიშნეს, რომ მშენებლობაზე ისევ მუშაობს უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც უბედური შემთხვევის დროს იქ მუშაობდა.

„ველოდებით გამოძიების შედეგს, რომ გამოიკვეთოს შესაბამისი პასუხისმგებლობა… ჩვენ 4 ადამიანი გავუშვით სამსახურიდან ამ შემთხვევის გამო,“ – გვითხრა რაულ კახაძემ. ის დაგვპირდა, რომ საუბარს კომპანიის სხვა წარმომადგენელთან, ან იურისტთან ერთად გააგრძელებდა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

სატელეფონო საუბრის დროს კი რაულ კახიძემ ასევე გვითხრა, რომ მუშის სიცოცხლე მის კომპანიაში 100 ათასი ამერიკული დოლარითაა დაზღვეული, თუმცა სადაზღვევო კომპანიას ეს ფული არ გადაუხდია და „მეტროსითიმ“ „კეთილი ნების საფუძველზე“ გადასცა ბინები დაღუპულთა ოჯახებს. რაულ კახაძემ ვერ გვითხრა კონკრეტული თარიღი, როდემდე გადაუხდის იგი, მაგალითად, მარიამ სირაბიძეს ფულად კომპენსაციას.

რა ვერ მუშაობს? – „შრომის ინსპექციის“ როლი

„მოცემულობის შეცვლა დამოკიდებულია დროზე. შრომის ინსპექცია ახალი შექმნილია. კომპანიებმა უკვე იციან, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია გაუფრთხილებლად შესვლა, მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება, გვირეკავენ აქტიურად, როგორ უნდა გაკეთდეს, რაა საჭირო. ამ ცნობიერების შეცვლას დრო სჭირდება,“ – აღნიშნავს მაია მიქაია, შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექციის უფროსი შრომის ინსპექტორი.

მაია მიქაიას თქმით, წელს 400-მდე კომპანია შემოწმდა შრომის უსაფრთხოების კუთხით და დარღვევა ყველგან არ დაფიქსირდა. უფროსი შრომის ინსპექტორი ამბობს, რომ კომპანიების დიდი ნაწილი დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორებას ცდილობს.

შრომის ინსპექცია ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პირველი იანვრიდან დაგეგმილია ამ უწყების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება, ასევე, რეგიონული ორგანიზაციების შექმნა და შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა.

„რა არის სუსტი რგოლი, რა ვერ მუშაობს?“ – ვკითხეთ შრომის ინსპექციის წარმომადგენელს.

„ადრე, როცა შევდიოდით მშენებლობებზე, ჟურნალებში მხოლოდ დასაქმებულების ხელმოწერა გვხვდებოდა იმის შესახებ, რომ გაფრთხილებული იყვნენ უსაფრთხოების წესების დაცვაზე. იქ არ იყო არანაირი თემატიკა გაწერილი, თუ რასთან დაკავშირებით უნდა გაევლო დასაქმებულს ინსტრუქტაჟი. ახლა უკვე კომპანიების დიდ ნაწილში გაწერილია თემატიკა, პერიოდულობა. ასევე საუბარია ინდივიდუალური დაცვის სრულად აღჭურვაზე. დამსაქმებელი არის ვალდებული, აღჭურვოს და განახორციელოს კონტროლი უსაფრთხოების დაცვის საშუალებების სრულ გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია, რომ რისკები მხოლოდ ფორმალურად არ იყოს შეფასებული, რასაც მენეჯერი გაწერს. მთავარია, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიწერა, უბრალოდ ფურცელზე გაწერილი არ დარჩეს,“ – გვითხრა მაია მიქაიამ.

ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის 

კანონით მშენებლობაზე დასაქმებული ნებისმიერი მუშა 2019 წლის პირველი იანვრიდან დაზღვეული უნდა იყოს. ასეც მოხდა – კომპანიებმა მუშები დააზღვიეს, თუმცა კანონი დაზღვევის მინიმალურ პაკეტს არ ითვალისწინებდა და კანონის ამოქმედებიდან მალევე ხელისუფლებასაც მოუხდა იმის აღიარება, რომ მუშების დაზღვევამ ფორმალური სახე მიიღო.

ამ პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ივლისში წერდა.

„შეთანხმება მიღწეულია და პირველ სექტემბრამდე ჯანდაცვის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას,“ – გვითხრა მაშინ პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თუმცა უკვე ოქტომბერია დ ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრს არ გამოუცია ბრძანება მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დაზღვევის „მინიმალური ოდენობის“ შესახებ.

„მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა და მაქსიმალურად ისეთი პაკეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ უბედური შემთხვევის დაზღვევის დროს ვიღაცამ არ ისარგებლოს ბოროტად, არ შეიძინოს ორლარიანი პაკეტი და შემდეგ კომპენსაციის სახით, 100, ან 200 ლარი არ მიიღოს. ჩანიშნულია სხვადასხვა ფორმატის შეხვედრა ამ საკითხზე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მაია მიქაიამ, შრომის უსაფრთხოების ინსპექციის უფროსმა შრომის ინსპექტორმა.

„სახელმწიფო ამ კუთხით უფრო პროაქტიული უნდა იყოს“ 

„მთავრობამ გადადგა რიგი ნაბიჯები, თუმცა შესაბამისი აქტები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომლითაც დამსაქმებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისას, ჯერ კიდევ არ არის მზად… სახელმწიფო ამ კუთხით უფრო პროაქტიული უნდა იყოს,“ – მიიჩნევენ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“. ეს ორგანიზაცია შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და პირველ სექტემბერს კანონში შესულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა.

კოტე ერისთავი, EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამების დირექტორი რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: შრომის ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლება, მშენებლობებზე უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება, შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება და მისი მანდატის გაფართოება.

„იგივე შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, პროგრამის გავლა მინიმუმ 1500 ლარი ჯდება. პრობლემაა ის, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. ზოგიერთ ორგანიზაციაში ამ პროგრამას ორი კვირა სჭირდება, სხვაგან – რამდენიმე თვე,“ – ამბობს კოტე ერისთავი.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“ ყურადღებას ამახვილებენ სამართლებრივ რეაგირების პრობლემაზეც.

„ტენდენცია არის ის, რომ გამოძიება არ სრულდება, ან საპროცესო შეთანხმებით სრულდება და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ დაბალი რანგის მენეჯმენტს… მაგალითად, მინდელის მაღაროს შემთხვევაში, გამოძიება მიმდინარეობს ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის, ერთი – ცვლის უფროსია. თავად დაშავებულის ოჯახია წინააღმდეგი, რომ ის მიეცეს პასუხისმგებლობაში. სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით არ უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ იგი შესაძლოა იყოს პრევენციის კარგი მექანიზმი“, – გვითხრა კოტე ერისთავმა.

ვინ გაასამართლეს მშენებლობებზე მუშების დაღუპვის გამო? 

ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო 2018 წელს სულ 224 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, 2017 წელს – 128 ფაქტზე.

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 224 შემთხვევიდან დაიწყო მხოლოდ 19 ფაქტზე, 67 საქმეზე – ძიება შეწყდა, დანარჩენ საქმეებზე – ძიება გრძელდება.

საერთო სასამართლოების  წარმოებაში 2018 წელს სულ 35 საქმე იყო, რაც მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდებოდა. სასამართლომ ამ საქმეებიდან არსებითად მხოლოდ 7 განიხილა. რეალური სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა.

საპარლამენტო ანგარიშში ომბუდსმენმა მიმართა გენერალურ პროკურატურასაც: „წარმოადგინოს მსჯელობა/არგუმენტაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე.“

ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა.

_________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: