მთავარი,სიახლეები

იყო თუ არა საღებავი „სუდანი“ ტყემალში – რა დაადგინა სახელმწიფო უწყებამ

01.10.2019 • 3093
იყო თუ არა საღებავი „სუდანი“ ტყემალში – რა დაადგინა სახელმწიფო უწყებამ

ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი „სუდანი“ დაახლოებით ორი თვის წინ აღმოაჩინეს ტყემალში და სურსათის კიდევ 5 ნიმუშში, რომელსაც საქართველოში აწარმოებენ. კვლევის შედეგები 15 აგვისტოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” [momxmarebeli.ge] გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიების წარმომადგენლებმა ტელევიზიებით საზოგადოებას უთხრეს, რომ ამ კვლევას არ ენდობოდნენ და ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებდნენ, რომლის შედეგიც ერთ თვეში გახდებოდა ცნობილი. კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე მაღაზიების დახლებიდან 6 კომპანიის პროდუქცია ამოიღეს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა გაირკვა ალტერნატიული კვლევებით და რაც მთავარია – რა დაადგინა იმ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც მომხმარებლის მავნე საკვები პროდუქტებისგან დაცვა ევალება.

„თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, სტრატეგიული კვლევა იქნება თუ ტაქტიკური, მოვიდეს და შეამოწმოს,“ – გვითხრა შპს „კულას“ ხელმძღვანელმა, ივანე გოგლიძემ. მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა „კულას“ ფეისბუქგვერდზე გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, „კულას“ ტყემალში საღებავი არ არის. გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტყემალს ექსპერტიზა გერმანიაში, ჰამბურგში, Eurofins-ის ლაბორატორიაში შეამოწმეს.

Momxmarebeli.ge-ს პროგრამების მენეჯერი, ვახტანგ კობალაძე უკვე გაეცნო „კულას“ და „მარნეულის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგს, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ტყემალში საღებავი არ არის, თუმცა მას ერთი კითხვა აქვს.

„კონკრეტულად რომელ პარტიაზე ჩაატარეს კვლევა? „მარნეულის“ შემთხვევაში ჩატარებულია კვლევა სულ სხვა პარტიაზე, „კულას“ კი საერთოდ არ აქვს მითითებული, რომელი პარტიის ტყემლიდან აიღეს ნიმუშები,“ – გვითხრა ვახტანგ კობალაძემ.

„თვითონ Momxmarebeli.ge-ს კვლევაშიც არ არის მასე მითითებული კონკრეტული პარტია… რეალურად, როცა ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, ამოგვაღებინეს მთელი პროდუქცია და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დალუქა. შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით აიღეს ნიმუში და ის გაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე,“ – ამბობს „კულას“ დირექტორი, ივანე გოგლიძე.

თარიღზე აკეთებენ აქცენტს „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“. აქ ვახტანგ კობალაძის ხელმოწერილი წერილი გვაჩვენეს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიული კვლევა 2018 წლის 21 ივნისს გამოშვებულ ტყემალს ჩაუტარეს.

„შემდეგ რატომღაც თარიღი შეცვალეს და დაწერეს 2019 წლის იგივე თარიღი, თარიღშიც ვერ ჩამოყალიბდნენ… მე ჩემს კომპანიას ვენდობი, სადაც მთავარია მომხმარებლის უფლებები. ჩვენ ამოღებული პარტიიდან შემთხვევითობის პრინციპით ავიღეთ ნიმუში და ეს შემოწმდა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიაში. უვნებლობის სამსახურმა აიღო ნიმუშები შემთხვევითობის პრინციპით,“ – გვითხრეს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პრესცენტრში.

შეცდომებს ადასტურებენ  ორგანიზაციაში Momxmarebeli.ge, თუმცა ვახტანგ კობალაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ტექნიკურ შეცდომებს“ იყენებენ კომპანიები მათთვის არასასურველი კვლევის წინააღმდეგ.

„მართალია, წელი არასწორად წერია, 2018 წელი უნდა ეწეროს „მარნეულისთვის“ მიწერილ წერილში იმ პროდუქტის თარიღიც, საიდანაც ნიმუში ავიღეთ, მაგრამ იმ წერილს თან ახლდა „მარნეულის“ ტყემლის ბოთლის ფოტო, სადაც ასევე კარგად ჩანს თარიღი… ამას დაადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც, რადგან ჩვენ კვლევის შედეგი მათაც ვაცნობეთ და რადგან ეს შეუსაბამობა იყო, იქაც დააზუსტეს თარიღი. „მარნეულის“ და „კულას“ შემთხვევაში ჩვენ მივწერეთ კომპანიებს კონკრეტულად რომელი პარტიის პროდუქტში აღმოჩნდა საღებავი. „მარნეულის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგის მიხედვით, ნიმუში აღებულია სხვა პარტიიდან, „კულას“ შემთხვევაში კი, საერთოდ არ ჩანს პარტია,“ – აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე.

„Momxmarebeli.ge თავიდან ბოლომდე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს… ის საღებავი, რაზეც საუბარია კვლევაში, ყვითელი საღებავია. რა უნდოდა ყვითელ საღებავს წითელ ტყემალში?“ – კითხულობს „კულას“ დირექტორი, ივანე გოგლიძე. მას ვკითხეთ, ჩაუტარდა თუ არა  კვლევა კონკრეტულად იმ პარტიას, რომლიდანაც ნიმუში Momxmarebeli.ge-მ აიღო.

„ეს იყო პროვოკაცია ან ლაბორატორიის შეცდომა… პროკურატურა მოვიდეს და ამოიღოს საბუთები, ნახოს სადმე, თუ მაქვს საღებავი ნაყიდი… ან თქვენ მოდით, აიღეთ ნებისმიერი ბოთლიდან ნიმუში, ვიდეოც გადაიღეთ, წადით გერმანიაში და გადაამოწმეთ. მე დაგაფინანსებთ, ჩემს ხარჯზე მოინახულეთ გერმანია, ჰამბურგი,“ – გვიპასუხა ივანე გოგლიძემ.

„კულას“ ინფორმაციით, ტყემლის კვლევა გერმანიაში იმავე ლაბორატორიაში ჩატარდა, სადაც კვლევა Momxmarebeli.ge-მ დაუკვეთა. „კულას“ დირექტორს დამატებით ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა ერთსა და იმავე ლაბორატორიაში ორი სხვადასხვა პასუხი, თუკი ერთსა და იმავე ნიმუშს იკვლევდნენ?

„არ ვიცი, მე ლაბორატორიისთვის მაგ კითხვით არ მიმიმართავს,“ – დასძინა ივანე გოგლიძემ.

კომპანია „მარნეულის სასურსათო ქარხანაშიც“ გვითხრეს, რომ სინჯები ალტერნატიული კვლევის ჩასატარებლად, წესების დაცვით, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს და ეს გააკეთეს იმ პროდუქციიდან, რომელიც მაღაზიებიდან ამოიღეს. „კულასა“ და „მარნეულშიც“ ირწმუნებიან, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ყველა პარტია, რაც მანამდე იყო გამოშვებული, დალუქეს.

კონკრეტულად რომელი პარტიიდან აიღეს ნიმუშები ალტერნატიული კვლევის ჩასატარებლად? – ამ კითხვაზე პასუხი „სურსათის ეროვნული სააგენტოსგან“ დღის ბოლომდე ვერ მივიღეთ. აქ განმარტეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ზედამხედველობით აიღეს ნიმუშები. უწყების პრესცენტრში ასევე გვითხრეს, რომ კომპანიების ალტერნატიული კვლევისგან განსხვავებით, სახელმწიფო უწყებამ კიდევ სხვა ლაბორატორიას შეუკვეთა კვლევა.

„კვლევის შედეგებს ველოდებით და მას აუცილებლად გავასაჯაროებთ,“ – გვითხრეს „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ პრესცენტრში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: