სიახლეები

ჯავახეთში ჯგუფს ჩამორჩენილი ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

27.09.2019 • 6323
ჯავახეთში ჯგუფს ჩამორჩენილი ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი.

ფლამინგოები გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: