მთავარი,სიახლეები

მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს

24.09.2019 • 4741
მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს

რა ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი აჭარაში არსებულ ძველი და უნიკალური მეჩეთების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე? – თითქმის არაფრის. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ქობულეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ  ძველი და ახალი 30 ეკლესიის შესახებ მონაცემებს. ამ ჩამონათვალის ბოლოს შეგხვდებათ ჩანაწერი ოთხი ძველი ჯამეს შესახებ: ხალას, კვირიკეს, ხუცუბნისა და დაგვას ჯამეების. სხვა  ჯამეების, თუნდაც ისტორიულის, შესახებ ინფორმაციას, რომელთა დიდი ნაწილი აჭარის მაღალმთიანეთშია, მუნიციპალიტეტების ან ტურიზმის დეპარტამენტის ინტერნეტგვერდზე ვერ იპოვით.

არა მხოლოდ საკულტო ნაგებობების, არამედ მუნიციპალიტეტების, ასევე აჭარის მთავრობის საიტებზე ისტორიის აღწერის ნაწილში ისლამური კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ ვერაფერს იპოვით. ამ პრობლემის შესახებ „ფეისბუქში“ თამთა მიქელაძე წერდა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„აჭარის მთავრობის გვერდზე სპეციალური გვერდი ეთმობა აჭარის ისტორიას, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები მუსლიმი თემის და ისლამური კულტურის შესახებ და არსებითად ისტორიის ქრისტიანულ ნარატივს იმეორებს. გვერდზე ვნახავთ მსგავს ჩანაწერსაც: “XVII საუკუნეში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. 1609 წელს ის გათავისუფლდა და გურიის სამთავროს შეუერთდა. 1614 წელს კი კვლავ ოსმალების ხელში აღმოჩნდა და 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა ისევ დედა-საქართველოს დაუბრუნდა. მთელი ამ დროის მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა თაობიდან თაობას გადასცემდა ქართულ და მართლმადიდებლურ ადათებსა და ტრადიციებს, იცავდა მშობლიურ ენას.” ადათების და ტრადიციების გადაცემის პროცესში სრულად არის იგნორირებული ისლამის მნიშვნელობა და ღირებულება.

ტურიზმის ოფიციალურ გვერდზე, აჭარის კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების მიმოხილვის დროს, ასევე არაფერია ნათქვამი ისლამურ კულტურაზე და ისტორიულ ძეგლებზე,“ – წერს თამთა მიქელაძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებით. მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას არც ერთი ისტორიული თუ თანამედროვე მეჩეთის შესახებ არ აქვს ინფორმაცია განთავსებული. ამ გვერდზე განთავსებულ ტურისტულ რუკაზე კი ნახავთ ინფორმაციას ქრისტიანული ტაძრების შესახებ, მათ შორის, მშენებარე ეკლესიების, მაგალითად, სარფში „მუსლიმანთაგან წამებულ მამათა მონასტერი“.

ხელვაჩაურის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ ინფორმაციას ჩხუტუნეთის [მაჭახლის] ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შესახებაც. ამ გვერდზე მხოლოდ ერთი წინადადებით წერია ის, რომ შენობა, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, წინათ მეჩეთი იყო. აქ ვერ ნახავთ ინფორმაციას, როდის ააშენეს მეჩეთი, რით არის გამორჩეული, რას აჩვენებს ფერადი საღებავებით შესრულებული ორნამენტები და ასე შემდეგ.

„ჩვენ გვიდევს ინფორმაცია იმ ტაძრებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მას შევახსენეთ, რომ, მაგალითად, მშენებარე ტაძარი ვერ იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მერიას შეუძლია განათავსოს ინფორმაცია იმ საკულტო ნაგებობზეც, რომელსაც შესაძლოა არ ჰქონდეს ძეგლის სტატუსი. ჯუმბერ ვარდმანიძემ გვიპასუხა, რომ წერილობით მოგვაწოდებდა პოზიციას, თუმცა იგი არ გამოუგზავნია.

მიუხედავად იმისა, რომ ხულოში არაერთი ისტორიული მეჩეთია, მათ შორის, ხისგან აგებული, ხულოს მერიას ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ერთი სალოცავის – სხალთის მონასტრის შესახებ არის ინფორმაცია. ძველი რელიგიური ნაგებობების შესახებ ინფორმაციას ვერც ქედისა და შუახევის ოფიციალურ ვებგვერდებზე იპოვით. მაგალითად, ისტორიული ხის მეჩეთი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში. ზუნდაგას სანახაობების შესახებ „ბათუმელებმა“ კითხვა 2017 წელსაც დასვა, თუმცა სამთავრობო საიტებზე ზუნდაგას მეჩეთის შესახებ ინფორმაციას ვერც ახლა ნახავთ.

ძველი მეჩეთი ზუნდაგაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ხულოს მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საიტი განახლების რეჟიმშია. აქ განმარტეს, რომ ინფორმაციას იმ მეჩეთებზე განათავსებენ, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მაგალითად, ღორჯომისა და საციხურის ჯამეების შესახებ.

იგივე თქვეს შუახევის პრესცენტრშიც. აქაც მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი სატესტო რეჟიმშია. მერიის პრესცენტრში თქვეს, რომ ამ დრომდე მეჩეთების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ განთავსებული და არც ახლა იციან ზუსტად, რომელ მეჩეთებზე გამოაქვეყნებენ მონაცემებს.

„მე მაქვს სრული დეცენტრალიზაცია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. შესაბამის სამსახურში კი გვითხრეს, რომ ოქტომბრის ბოლოდან თითქმის ყველა მოქმედ მეჩეთზე ექნებათ ინფორმაცია.

ძველი მეჩეთები ტურისტულ ინტერესსაც იწვევს, თუმცა აჭარაში არსებული მეჩეთების შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინტერნეტგვერდზე ვერ იპოვით. აქ მოკლედ მხოლოდ ახოსა და კვირიკეს მეჩეთების შესახებ წერია, ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმში „ორთა ჯამეს“ ნახვა შეუძლიათ ტურისტებს.

„აჭარის ტურისტულ პორტალზე gobatumi.com-ზე განთავსებულია მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ზოგადი ინფორმაცია მიმართულებებისა და ტურიზმის სახეობების შესახებ. რაც შეეხება დეტალური ინფორმაციის მიღებას ტურისტული ობიექტების, ღირსშესანიშნაობების, საკულტო ნაგებობების და ასე შემდეგ, ინტერესიდან გამომდინარე შესაძლებელია აჭარის რეგიონის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში“, – მოგვწერეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

„რელიგიური დომინაცია პოლიტიკურ, სიმბოლურ, კულტურულ და ეკონომიკურ დონეებზე იწარმოება და, როგორც წესი, ის ყველა ამ დონეზე თანადროულად ხორციელდება. მისი შედეგი დაქვემდებარებული ჯგუფის გარიყვაა, მიზანი კი, იძულებითი ასიმილაცია ან კონტროლი. სიმბოლური ველიდან აჭარაში ისლამური „კვალის წაშლის“ ეს ტენდენცია ასიმილაციური პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, რაც დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს გაგებასა და პრაქტიკაში არ თავსდება“, – მიიჩნევს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

მთავარი ფოტო: მეჩეთი სოფელ ღორჯომში, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: