მთავარი,სიახლეები

სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს ეწინააღმდეგება

23.09.2019 • 1524
სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს ეწინააღმდეგება

სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს აპროტესტებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გადამცემი ხაზები განთავსებულია საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„დღეს, 23 სექტემბერს, 12 საათისთვის აპირებდნენ მონტაჟის დაწყებას, ამიტომ გამოვიდა მოსახლეობა გარეთ, რომ ეს პროცესი შეგევეჩერებინა. ჯერჯერობით პროცესი არ დაწყებულა, თუმცა ჩვენ, მოსახლეობა, წინააღმდეგი ვართ, რომ სოფელში მაღალი ძაბვა გავიდეს,“- ამბობს „ბათუმელებთან“ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნუგზარ კოკობინაძე.

სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟის წინააღმდეგია

სოფელში, დასახლებულ ტერიტორიაზე, უკვე არსებობს ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა როგორც მოსახლეობა გვეუბნება, ძველის ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს, სადაც გაცილებით მაღალი ძაბვა გაივლის, „სწორედ ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ.“

ადგილზე იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა სიმძლავრის ძაბვა გაივლის ახალ ხაზებში.

ერგეს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების წინააღმდეგ

„როგორც ჩანს უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რადგან მოსახლეობა აპროტესტებს. ისინი ითხოვენ, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული, რომ ხვალ და ზეგ აქ ცხოვრება არ იყოს საფრთხე ადამიანებისთვის. ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული, ამიტომ ამ გარანტიას ითხოვს მოსახლეობა, თუმცა ამ გარანტიას არავინ არ აძლევს,“- ამბობს თამაზ ბაკურიძე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით,  კომპანია ერგეში 110 კვ ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის – „ერგე 1“-ის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც იცვლება ძველი საყრდენები და ხაზები.

„შესაბამისად არავითარი ძაბვის ცვლილება (მატება) არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ძაბვა იზრდება არის სრული დეზინფორნაცია.

ამასთანავე, კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული მოსახლეობისთვის თუ რა სამუშაოები სრულდება და ასევე, მიწოდებული იქნა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტაციის შედეგად ხაზს არ ექნებოდა უარყოფითი ზემოქმედება.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, დარჩენილია შესაცვლელი 2 ამორტიზებული საყრდენი, რომლებიც რამიდენიმე ათწლეულის წინ არის დამონტაჟებული“ – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.

მათივე განცხადებით, მოსახლეობა კომპანიასთან  ფულად კომპენსაციაზე საუბრობს, რაც მათი განცხადებით უსაფუძვლოა.

„როგორც აღვნიშნეთ, კომპანია არსებული ხაზის რეაბილიტაციას ახორციელებს და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწათმოსარგებლე, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ქსელის მფლობელს სამუშაოების წარმოებაში.

ამასთან დაკავშირებით განვუმარტეთ მოსახლეობას და ავუხსენით, რომ თუ სამუშაოების წარმოების პროცესში დაზიანებული იქნება რაიმე ქონება ეს იქნება შეფასებული და ანაზღაურებული, ხოლო სხვა რაიმე კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს. უფრო მეტიც, ორივე საყრდენი, რომლებიც უნდა შეიცვალოს მდებარებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

გამომდინარე აქედან, კომპანიას გააჩნია სრული ლეგიტიმური უფლება აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები და ხელშეშლის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორი პოლიციას, ვინაიდან აღნიშნული ხაზის რეაბილიტაციაზე დამოკიდებულია მთლიანად ბათუმის ელექტრო მომარაგება“-აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: