მთავარი,სიახლეები

შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

15.09.2019 • 5076
შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პაბედას“ და „პიკაპს“ ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. „პაბედას“ გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარია, ხოლო „პიკაპის“ – 3 500 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 600 ლარი იყო, სამინისტრომ ჯერ 12 255 ლარად გაყიდა, თუმცა აუქციონში გამარჯვებულებმა „პაბედა“ არ წაიღო,  შემდეგ კი – 10 080 ლარად, თუმცა, გამარჯვებულს მანქანა არც ახლა წაუღია.

იგივე „პაბედა“ ამჯერად მესამედაა აუქციონზე, თუმცა საწყისი ფასი თითქმის 7-ჯერაა გაზრდილი.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, აღენიშნება დიდი რაოდენობით ჟანგვა, ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. სახელმწიფო ნომერი: ავტომანქანა   „GAZ M20 POBEDA” (სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, საიდენტიფიკაციო N; 40842, ძრავის საიდენტიფიკაციო N: 258972, გამოშვების წელი: 1953)“ – აღწერილობა აუქციონიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული, „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა „გრეით ვოლ ვინგლი 5“-ის მდგომარეობაც ცუდია. მისი გაყიდვის საწყისი ფასი 3 500 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 70 ლარი.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ძარა, ძრავი კომპლექტში, რადიატორი წყლის, რადიატორი კონდენციონერის, წინა ბამპერი, წინა ცხაურა, კაპოტი, მარჯვენა ფრთა,  დისკი, საჭის აირბაგი, მგზავრის აირბაგი, ტორპედო, ფარი, ნისლის მაშუქი, ამორტიზატორი, წერო, საქარე მინა წინა, გიტარა, ყუმბარა, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები (შეკეთების პროცესში შესაძლოა აღმოაჩნდეს სხვა სახის დაზიანებებიც). ავტომანქანა „გრეით ვოლ ვინგლი 5“-ის სახელმწიფო ნომერი: SCA-885, გამოშვების წელი: 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი: LGWDBE17XCC667415.“ – აღწერილობა აუქციონიდან.

ავტომანქანების უპირობო გაყიდვაზე აუქციონები ცალ-ცალკეა გამოცხადებული. „პაბედას“ შემთხვევაში აუქციონი 23 სექტემბერს დასრულდება, „პიკაპის“ კი – 27 სექტემბერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: