მთავარი,სიახლეები

მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან

15.09.2019 • 3058
მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან

საქართველოს მთავრობამ ქობულეთში, ზღვისპირას, ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან, 10 495 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 3 835 000 ლარად, უპირობოდ გაყიდა. მიწა ოფშორულმა კომპანიამ შეისყიდა და მას [საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა] ერთადერთი ვალდებულება აქვს – საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის [საპტრიარქოს] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს [ყოფილ რეზიდენციას] შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და ქვაფენილით.

ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აუქციონზე შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტმა“ იყიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული. ამ კომპანიის მფლობელი კი ოფშორულ ზონაში, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს Alasta Enterprise-ა. „კ ენდ ლ ინვესტმენტის“ დირექტორი ზვიად გორგიძეა. კომპანიას, წესდების მიხედვით, უფლება აქვს, მოგების მიღების მიზნით  განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

მიწა აუქციონზე 2 110 000 ლარად იყო გატანილი და ის 2019 წლის 23 ივლისს 345-ე ბიჯზე გაიყიდა. ვაჭრობის ბიჯი 5 ათასი ლარი იყო. აუქციონში ორი მომხმარებელი მონაწილეობდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, კომპანიამ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის 433 კვ.მ მიწის ფართზე, რომელზეც დადგენილია სერვიტუტის უფლება, უნდა უზრუნველყოს ზღვასთან მისასვლელი გზის შექმნა მოპირკეთებული ქვაფენილით და მოწყობილი გარე განათებით“.

კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 9 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს სახელმწიფოსთან შეთანხმებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მიწის ნაკვეთი გაასხვისოს ან დატვირთოს იპოთეკით.

10 495 კვ.მ მიწის გაყიდვის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ამ ნაკვეთსა და პლაჟს შორის მდებარე 1 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემასაც. ეს ჩანს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის წერილიდან, რომელიც მან „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსს გაუგზავნა.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა თქვენი 2018 წლის წერილები, რომლებითაც ითხოვთ მოსაზრების მოწოდებას ქ. ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა N-90-ის მიმდებარედ არსებული 10 495 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა და მის მიმდებარედ არსებული 1 226  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის თაობაზე გაცნობებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი პრივატიზებული იქნას [აღნიშნული] მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მიმდებარედ არსებული 1226,0 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარის უფლებით სარგებლობაში იქნას გადაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ასევე გაცნობებთ, რომ მყიდველმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიის მართლმადიდებელი ეკლესიის (საპტრიარქოს) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და ქვაფენილით“, – აღნიშნულია მირიან ქათამაძის წერილში.

დიდი ალბათობით ამ ნაკვეთს სახელმწიფო ისევ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას გადასცემს იჯარით სარგებლობაში, თუმცა, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ ქონებაზე იჯარის უფლება ამ დროისთვის [15.09.2019] არ ფიქსირდება.

ქობულეთი, გასხვისებული ნაკვეთი და ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის ტერიტორია [მარცხნივ] და აუქციონზე გაყიდული ტერიტორია [მონიშნულია მწვანე ზოლით, მარჯვნივ / ფოტო: ყოფილი რეზიდენცია პეტრას ციხიდან / „ბათუმელების“ არქივიდან

პეტრას ციხიდან ქობულეთის მიმართულებით მდებარე ზღვისპირა [მათ შორის ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის] ტერიტორიისთვის სპეციალისტები არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა, თავის დროზე სტატუსის არმინიჭება „ბათუმელებთან“ შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა იმით ახსნეს, რომ ასეთი ზონები „ინვესტორებს აფრთხობს“. იმ დროს სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია საინვესტიციოდ იყო გამზადებული, თუმცა, საბოლოოდ ეს ტერიტორია სახელმწიფომ საკუთრებაში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა.

ამჯერად, პეტრას ციხესა და რეზიდენციას შორის მდებარე ტერიტორია სახელმწიფომ უპირობოდ ისე გაასხვისა, მინიშნებაც კი არ არის მის არქეოლოგიურ ღირებულებაზე. მითუმეტეს, დღეს ეს ტერიტორია არქეოლოგიური დაცვის ზონაშია.

„საპრივატიზებო ობიექტი [გაყიდული მიწის ნაკვეთი]მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მიმდებარედ, საქართველოს კანონის შესაბამისად კი, გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს მონაკვეთში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება; სარკინიგზო ლიანდაგთან სიახლოვის გამო მასზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლიანი წიწვოვანი ნარგავები“ – აღნიშნული იყო მიწის აღწერილობაში, როცა ის აუქციონზე გაიტანა სახელმწიფომ.

ამ თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: