მთავარი,სიახლეები

სახლები, აგარაკები, მიწები – გომელაურის და სხვა მინისტრების ახალი შენაძენი

16.09.2019 • 2220
სახლები, აგარაკები, მიწები – გომელაურის და სხვა მინისტრების ახალი შენაძენი

საქართველოს ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რანგში, 2019 წლის 19 ივნისს შეავსო. ეს დეკლარაცია 2018 წლის მოიცავს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ყველაზე დიდი თანხა, 16 000 ლარი, მას აგარაკის მოწყობისთვის დაუხარჯავს. ამ აგარაკს ვახტანგ გომელაური სამი წლის განმავლობაში აშენებდა და ჯამში 50 000 ლარი და 107 000 აშშ დოლარი დაუხარჯავს.

გომელაურმა ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი აგარაკის შესახებ ჩაწერა, თიანეთის რაიონის სოფელ გორანაში ეს აგარაკი, 1422 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთთან ერთად, მისი ცოლის – ნინო კუდუხაშვილისთვის 2018 წელს უჩუქებიათ. ქონებრივი დეკლარაციით არ ირკვევა, ვინ აჩუქა შს მინისტრის ცოლს ეს ქონება.

რაც შეეხება აგარაკსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ ტაბახმელაში, რომელიც ასევე მინისტრის მეუღლის ნინო კუდუხაშვილის საკუთრებაა, ეს ნაკვეთი ცოლს 2014-2017 წლებში შეუძენია 170 000 აშშ დოლარად. ნაკვეთი ტაბახმელაში ვახტანგ გომელაურის დეკლარაციაში 2015 წლიდან ჩნდება. ამავე წელს მას 50 000 დოლარად გაუყიდია ბინა.

გომელაურის დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე 2013 წლიდან იძებნება. ამ წელს შევსებული დეკლარაციით, მას და მის მეუღლეს მხოლოდ ორი ბინა ჰქონდათ ვარკეთილში [64 და 80 კვ.მ].

აგარაკი არა, მაგრამ ბინა და ავტოფარეხი გასულ წელს შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემაც იყიდა. ამ ქონებაში მან ჯამში 45 000 აშშ დოლარი გადაიხადა. შს მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, ლევან კაკავამ კი ბოლოს შევსებული დეკლარაციის გასავლებში  60 000 აშშ დოლარის შესახებ  მიუთითა, რომელიც მას 2016- 2018 წლებში სამშენებლო კომპანიისთვის გადაუხდია, მას ბინა შეუძენია.

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის აპრილში შეავსო, ამ დეკლარაციაში მან ავეჯის შეძენის შესახებ მიუთითა, რაშიც 8000 ლარი გადაუხდია. გარდა ამისა, მან დეკლარაციაში მეუღლის შენაძენზეც ჩაწერა, ლანა სუხიშვილს [ის აშშ-ის საელჩოში თარჯიმნად მუშაობს] 7000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა volkswagen jetta [2016 წლის მოდელი] შეუძენია. 2017 წელს კი მინისტრის მოადგილეს ბინის გარემონტებაში 30 000 ლარი დაეხარჯა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მინისტრის ოჯახის 2018 წლის დანახარჯებს ასახავს, მინისტრის მეუღლეს გასულ წელს 22 121 ლარის სამშენებლო მასალები შეუსყიდია.

ცქიტიშვილის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ კი, რომელიც ამავდროულად გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა, 2017 წელს 100 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერა დეკლარაციაში. ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე  2018 წლის აპრილში დაინიშნა. ამავე წელს მის მეუღლეს 10 400 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა „TOYOTA CAMRY“ შეუძენია. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ოჯახს გასულ წელს 6000-მდე ლარად ღირებული ავეჯი უყიდია. ირაკლი ქარსელაძე მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კერძო კომპანიებში მუშაობდა.

ძვირადღირებული აგარაკის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-ის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონებრივ დეკლარაციაშიც მოხვდა. გიორგი დუგლაძის ინფორმაციით, 107 000 აშშ დოლარად აგარაკი [1000 კვ.მ] წავკისში მის მეუღლეს ლალი იოსელიანს შეუძენია. 2017 წელს კი თავად გიორგი დუგლაძეს 11 ათას დოლარად შეუძენია მიწის ნაკვეთი ბორჯომში, ციხიჯვარში [1695 კვ.მ]. ამავე წელს მას შეუძენია ავტომანქანა „Porsche Cayenne“, რაშიც 6000 ევრო გადაუხდია. გიორგი  დუგლაძე საჯარო სამსახურში ბიზნესიდან მოვიდა.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძეს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 29 ივლისს აქვს შევსებული და მასში 2018 წლის შემოსავალ-გასავალია აღწერილი. ამ დეკლარაციის მიხედვით, გოგოლაძეს 2019 წელს შეუძენია მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ თხინვალაში [1500 კვ.მ], რაშიც 40 000 დოლარი გადაუხდია. გარდა ამის, 2017 წელს ბინა უჩუქებიათ მინისტრის მოადგილის შვილისთვის თბილისი ბაგებში. მჩუქებლის ვინაობაზე დეკლარაციაში არაფერი წერია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მეუღლეს 2017 წელს ბინა შეუძენია ბათუმში, კობალაძის #2-ში [40,72კვ.მ]. ნათია თურნავას მეუღლეს ამ შენაძენში 69 880 ლარი გადაუხდია.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი